იყო დრო, როდესაც საქართველოში ფეხბურთი მართლაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და სტადიონებზე ზედმეტი ბილეთის შოვნის პრობლემა ყოველთვის იდგა. რასაკვირველია სპორტის ამ სახეობამ ხალხის სიყვარული არ დაკარგა, მაგრამ ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრებმა „მოახერხეს“ რომ დღეს თანამემამულეები „ბარსელონასა“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემებით უფრო ინტერესდებიან ვიდრე ჩვენებური კლუბების ბედით.
საქართველოში ფეხბურთი რელიგიის დონეზე გახლდათ აყვანილი. ქვეყანა თბილისის „დინამოს“ ცხოვრებით საზრდოობდა. სიმართლე ითქვას და მოთამაშეები საკუთარი თამაშით ამ საყოველთაო სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდნენ.
დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლის წინ მსურს დავბრუნდე და იმდროინდელი რამდენიმე საინტერესო ისტორია გავიხსენო.
მოგონებების დასაწყისში ნება მომეცით სიტყვა ბატონ ჯემალ ზეინკლიშვილს გადავცე, რომელიც თბილისის „დინამოს“ ისტორიის ერთ შესანიშნავ ფურცელს გაიხსენებს.
„ტაშკენტის საჩემპიონო ფინალის მოგების შემდეგ სრული სიგიჟე სუფევდა, ფეხბურთელები ზოგი ძმაკაცმა წაიყვანა რესტორანში, ზოგი ნათესავმა, ვინ რას აკეთებდა, ვინ სად სვამდა, სად ქეიფობდა, არავინ იცის… ვინც უცებ შევრჩით ხელში, ქალაქ ტაშკენტის რაიკომის მდივანმა მე, ჟორა და ბორია სიჭინავები და სლავა მეტრეველი საქეიფოდ წაგვიყვანა. იმდენი ვსვით, ყველაფერი დაგვავიწყდა და ღამის ორ საათზე ძლივს მიგვიყვანეს თვითმფრინავში. სიხარულისგან გადარეულებმა გზაშიც ბევრი დავლიეთ! ჩავფრინდით თბილისის აეროპორტში, გაჩერდა თვითმფრინავი და იმდენი ხალხი შემოგვერტყა გარს, ტრაპის მოსაყენებლი ადგილიც კი აღარ იყო! გავაღეთ კარი, მე გავიხადე ტრუსი, დინამოს ემბლემიანი მაისური, ბუცები და გადავყარე ხალხში! „ხრუშჩოვ, შენი დედაც! ხომ მაინც გავხდით ჩემპიონები“!-ვიღრიალე და გადავხტი თვითმფრინავიდან! ხელით დამიჭირა ხალხმა და ასე ხელით გვატარეს სახლამდე! ახლანდელ თავისუფლების მოედნამდე სულ ხალხით იყო იმ საოცარ ღამეს გაჭედილი თბილისი!“
მომდევნო სტუმარი თბილისის „დინამოს“ შემდეგი საჩემპიონო შემადგენლობის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი, ბატონი დავით მუჯირი იქნება.
„კუბიშევში გვქონდა გასვლითი მატჩი. თამაშის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით, რადგან იმ ღამეს ფრენა არ იყო და მოვეწყვეთ ნომერში მე, ვახტანგ (ტუხა) ქორიძე და შოთა ხინჩიგაშვილი.
არ გვეძინება შთაბეჭდილებებით დახუნძლულებს, რაღაცნაირ ეიფორიაში ვართ. მე და ტუხამ გავახურეთ კარტის თამაში. შოთა ჩვენზე “წესიერი” აღმოჩნდა და თამაშზე უარი თქვა. იჯდა და გვიყურებდა მოწყენილი და ჩაფიქრებული.
ტუხამ „მალბოროს” (მაშინ მაგარი სიგარეტი იყო) კოლოფი გახსნა და ვეწევით ხამუშ-ხამუშ. შოთა საერთოდ არ ეწეოდა და კაეშანი უფრო მოეძალა.
სად გვცალია მაგისი კაეშანისთვის. მე და ტუხა ვუბერავთ, ერთდროულად კარტს და სიგარეტს.
არსებობს ბუნებაში თავისებური კანონზომიერება: “ღმერთი ნეტარებას ბოლომდე არ გაცლის”. გაგვითავდა ასანთის ღერები. ერთი ცალიღა დარჩა. არადა, ჩვენს გარდა ყველას ძინავს, ვერ ვიშოვით.
ტუხამ გამოსავალი მოძებნა. დარჩენილი, ბოლო ღერით მოუკიდა სიგარეტს და მმოძღვრავს:
– რაია თუ იცი! – ახლა მე მოვწევ, ბოლომდე რომ მოვწევ, მერე იმ ნამწვავიდან შენ მოუკიდე და შენ რომ ბოლოში ჩახვალ – მერე მე მოვუკიდებ და მე რომ ბოლოში ჩავალ შენ … მოკლედ, გულმოდგინედ ვიცავთ რიგს.
ეს „აღმოჩენა” არც თუ “რენტაბელური” გამოდგა, ასე მიჯრილად და იძულებითი მოწევისგან ისე გავლურჯდით, ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ.
– ე ბიჭო, ცოცხალი ენციკლოპედია ხარ და მოიფიქრე რამე თუ არა ისე გავიბერე ამ სიგარეტის ბოლით, საცაა ბუშტივით გავფრინდები ჰაერში-მეთქი – შევძახე ტუხას. ტუხა რისი ტუხაა გამოსავალი არ მოეძებნა და ეცა შოთას:
– ე ბიჭო ახლა შენ გადაუკიდე ჩვენიდან და ჩვენ ცოტას შევისვენებთ ამასობაში! – დაავალა ხინჩიგაშვილს.
– რას ამბობთ თქვენ! – გადაგვერია შოთა – ცხოვრებაში არ მომიწევია და…
– რას ჰქვია არ მოგიწევია! – გაუბრაზდა და რა გაუბრაზდა ტუხა – არ მოგიწევია და ახლა მოწიე! ვერ ხედავ, რომ ვიღუპებით ორი კაცი ერთი გუნდიდან. “ს ატრავლენიემ ნიკოტინა?!” – “ჩაურუსულა” მეტი დამაჯერებლობისთვის. სხვა რა გზა იყო და შოთამ იკისრა, მოუკიდა და “მორიგეობს”. ჯერ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მეორე და მესამე ღერი უფრო ადვილად გადაიტანა. ეგ კი არა, მეოთხე და მეხუთე თვითონ გამოგვგლიჯა ხელიდან. გათენდა კიდევაც და გამოვფრინდით თბილისში.
შოთა იმ დღეს მერე უსიგარეტოდ აღარ გვინახავს. მიეჩვია ერთ ღამეში“.
წინა საუკუნის 80-იან წლებში „დინამოს“ წარმატებების ერთ-ერთი ფუძემდებელი თენგიზ სულაქველიძე გახლდათ.
„მოსაგონარი ბევრი მაქვს, რაღაცა კარგად გახსენდება, რაღაცა – ცუდად. მაგალითად, ჩემზე ამბობდნენ, უხეში და უზრდელიაო. ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ვარ გაძევებული მოედნიდან, ისიც ტაშის დაკვრისთვის: ერევანში ვთამაშობდით. მსაჯმა ყვითელი მომცა. მიმაჩნდა, რომ არ მეკუთვნოდა, გავმწარდი და ტაში დავუკარი. ამის გამო ისევ ყვითელი მიჩვენა და გამაძევა. სომხებთან ურთიერთობა ადვილი არ არის, ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა. იცით თქვენ, მწვრთნელები და საპატიო ფეხბურთელები წინ სხედან. გავდივარ მოედნიდან და, ნოდარ ახალკაცმა მომაძახა – ბიჭო, დაგვღუპეო? პირველი ტაიმი 1:1 დამთავრდა. დაიწყო მეორე ტაიმი და ეს თამაში 4:1 მოვიგეთ. ახალკაცს ვუთხარი – აი, მე რომ არ გავსულიყავი თამაშიდან, ამ მატჩს ხომ ვერ მოვიგებდით-მეთქი. გაეცინა.
საბჭოთა ნაკრებში ვთამაშობდით. ბრაზილიაში ვართ. ძალიან ცხელა, მაღაზიაში გავლა გადავწყვიტეთ. ჩემი ცოლისთვის ჩექმა მომეწონა. მეგობარს ფული მივეცი და ვთხოვე, ჩექმა მომიტანე-მეთქი. მომიტანა. ხომ არ დავუწყებდი შემოწმებას. თურმე, ინვალიდების მაღაზიაში შესულა, სადაც ორი მარჯვენა, ორი მარცხენა – ყველაფერი ასე იყიდება. ცალ-ცალი ჩექმა ჩამოვუტანე ცოლს და კინაღამ გაგიჟდა – ეს რა უბედურებააო.
ახლა რომ დახეული ჯინსები აცვია ყველას, ჯერ კიდევ მაშინ იყო მოდაში, მაგრამ, საქართველოში სირცხვილად ითვლებოდა. უცხოეთში ვართ, შეკრებებზე. მე, კოსტავამ და შენგელიამ, ჩვეულებრივი ჯინსები ავიღეთ, გოგიამ და გოგია გაბიჩვაძემ – დახეული. მოვედით სასტუმროში, ყველამ ჩავიცვით. ამან რომ ჩაიცვა, შეწუხდა – არა, უნდა წავიდე, გამოვცვალო, ქუთაისში მარტო მე მეცმევა ჰიპური ჯინსი და დამცინებენო, – მიხვდა, რომ არ უნდა ეყიდა. ჩვენი ჯინსები ათი დოლარი ღირდა, იმან კი ოცი დოლარი მისცა. წავიდა გადაცვალა და კიდევ ოცი დოლარი დაამატა“.