ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე სოფელ ლიხაურის მცხოვრებლებმა ელექტრონული პეტიცია წარადგინეს. მათ ლიხაურის ცენტრში ცხრა აპრილის მემორიალის დადგმა მოითხოვეს.
_ ნინო თოიძე ჩემზე ათი წლით პატარა იყო. იმ დღეებში მეც ვიდექი მიტინგებზე ერთი წლის შვილით ხელში. გადარჩენილებმა მისი სახელი და ხსოვნა უნდა უკვდავყოთ. ნინო თოიძე ერთადერთი მონაწილე იყო ოზურგეთიდან, რომელიც დაიღუპა. ადამიანებს გაუჩნდებათ თავდახრის და მოკრძალების სურვილი. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, მთავარი მაინც ქცევა და მოქმედებაა, თუ რას ვაკეთებთ. იქ ადრე ქვები მოიტანეს, აკეთებდნენ თითქოს, მერე დარჩა დაუმთავრებელი და ეს არის შეურაცხყოფა. ცხრა აპრილის ტრაგედიიდან ოცდაათი წელი სრულდება და ნინო თოიძის მშობლიურ სოფელში მისი მემორიალი უნდა იყოს, ეს აუცილებელია, _ თქვა ლიხაურელმა პედაგოგმა.
დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნება თუ პროცესი დაჩქარდება და მომავალი წლის ცხრა აპრილისთვის მოესწრება მემორიალის გაკეთება.
პეტიციის ინიციატორებს დაეთანხმნენ, როგორც საკრებულოს ბიუროს წევრები, ისე მერიის წარმომადგენლები და დახმარება აღუთქვეს.
საკითხი, რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა აღმასრულებელ ორგანოს, რომლის პასუხსაც ერთ თვეში მიიღებენ.