განათლების მინისტრი სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ მოუწისრიგებელი პირობების გამო, სხვა დირექტორებსაც გაათავისუფლებს.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. თუ რომელი დირექტორები გათავისუფლდნენ, ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლების დირექტორები თანამდებობებიდან საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო გაათავისუფლეს.
მონიტორინგის სამსახურის და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა ხარვეზები სველ წერტილებში, კერძოდ, საპირფარეშოებში დაცული არ იყო ჰიგიენის ნორმები.
გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, მარნეულის სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს. მითითება მიეცა მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლას.
“ხუთსაც გავათავისუფლებთ და ოცდახუთსაც, თუ საქმეს დასჭირდა“, _ თქვა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ხოლო თუ სახსრები არ აქვთ, სამინისტრო დაეხმარება.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სისუფთავის კუთხით მდგომარეობა ასობით სკოლაში გაუმჯობესდა.