1901-05 წლებში გამომავალ ჟურნალში ,,მოგზაური” მუშაობდა ჟურნალისტი კონსტანტინე გვარამაძე. მან 1902 წელს გურიაში იმოგზაურა და მიუკერძოებლად აღწერა გურიის ბუნება, ეთნოგრაფია, გურულების ყოფა-ცხოვრება, ხასიათი და ზნე-ჩვეულებანი. ის არაერთხელ დაუბრუნდა გურულებიის თემას და 1902 წელს გამოაქვეყნა ბროშურა ,,სარკე გურულთა ცხოვრებისა ანუ გურულთა დახასიათება-ჩვეულებანი მოკლე ნაწყვეტებით”.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
გურულს ლუკმა მჭადიც რომ არა ჰქონდეს, ის მათხოვრობას მაინც არ იკადრებს, თუნდაც ცოლ-შვილიც სიმშილით ეხოცებოდეს; ამის გაბედვას ქურდობას უფრო ამჯობინებს (უკანასკნელ გასაჭირში).
გურული ხშირად კაცის მოკვლას ბოლოკათაც არ აგდებს; – ,,ერთ დღეს დაბადებული, ერთ დღეს უნდა მოკვდესო და სირცხვილს სიკვდილი ბევრად სჯობიანო”, – იძახის იგი. ამისთვისაცაა, რომ გურული ფირალი (ყაჩაღი) თუ დამარცხდა მადევართაგან, ხშირად თავს აკლავს მათ, რადგანაც იგი სირცხვილეულობს ცოცხლად დაჭერინებას (დანებებას).
მტრობის გადაუხდელობას გურული, დიდი იქმნება თუ პატარა, საფლავში არ ჩაიტანს. იგი ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა აწყინოს მტერს, რომ დაიმშვიდოს მტრობისაგან აშლილი ნერვები, ე.ი. სისხლი სისხლით მოსისხლოს და ჯოხით დასირცხვა ჯოხითვე დაასირცხვოს ზედ ნადებით, რასაკვირველია. ამიტომ ბევრათ სჯობიან სხვაგან ათასი კაცის გადაკიდება, ვიდრე აქ ერთი გურულისა.
გურულს ათასი მანეთის ზარალი ბევრად ურჩევნია, ვიდრე სტუმრის პატივის-უცემლობა და მითი თავის მოჯაყვა (სირცხვილი).
გურული ხალხი ქართველ ყველა ტომზე მაღლა სდგას თავისი სიკოჩაღით: იგი ბევრად ცოცხალია მათზედ, არის ცქვიტი, მხნე, მარდი, მოხერხებული, ზრდილი და თავ-მოყვარე; არის ეგრეთვე მჭერ-მეტყველი, ჭკუა- მახვილი, სიტყვა მოსწრებულ-მოწონებული და შესახედათაც ლამაზი. მისდევს სწავლა-განათლებას. როგორც კარგის, ისთე ავის თვისების მიმდევარიც არის, მარა ყველა ეს, წარმომდგარი მისი მხნემარდობით (ყოჩაღობით) და არა სიძაბუნით, როგორც, მაგალითად, ქართლელს შესისხლხორცებული აქვს ეს. გურული მოძრავია, გამქანვარე, როგორც მჩქეფარე წყალი. ამისთვის ცხოვრება გურიაში უფრო ცოცხალია, ვიდრე სხვაგან საქართველოში. ამ სიცოცხლით აიხსნება, რომ გურიაში ასეა სწავლა-განათლება მოფენილი. აქ გახნილია ბევრი სკოლები, როგორც ერთკლასიანი, ისე ორ-კლასიანი, სამკითხველოები, სოფლის ბანკები, საკომერციო ამხანაგობები, ქარხნები ადგილობრივ ნაწარმოების დასამუშავებლათ. იმართება ხშირათ აქ წარმოდგენები და სხვა გასართობი საღამოები, მართავენ მეჯლისებს და მისთანა საზოგადო კრებებს სხვა და სხვა საჭირო დაწესებულებათა დასაარსებლად, სადაც დედანიც კი იღებენ მონაწილეობას სჯა-კამათში… გავრცელებულია აგრეთვე მოდებზედ ჭრა-კერვა, როგორც პარიზის, ისე ნაციონალურ გემოვნებაზე; გემოზედვე იცია სმა-ჭამა, წვეულობა, სტუმარ-მაინძლობა და სხვა. ერთი სიტყვით, აქ ეტყობა ხალხს ცხოვრება ევროპიულ ჰანგზედ. ,,შენ ბატონი ხარ”, ,,მე თავადიშვილი”, ,,იგი ყაზახი”, აქ არ სუფევს, რადგანაც გაერთებულია ცხოვრება.