დღეს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის შესახებ გადაწყვეტილება განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა, 1995 წლის 15 ნოემბერს იუნეკოს 28-ე სესიაზე მიიღეს.
23 აპრილი_ეს თარიღი კი იმიტომ შეირჩა, რადგან ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ
მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.
წელს საქართველო წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს მეთხუთმეტედ აღნიშნავს. წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა რიყის პარკში 19 საათამდე გაგრძელდება.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა და ვის ევალება საავტორო უფლებების დაცვა _ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ წიგნის გამომცემელთა და და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაკა კასრაძე ესაუბრა.
„ამ დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არის კითხვის, წიგნის და საავტორო უფლებების აღმნიშვნელი დღე. ჩვენი ასოციაცია ოფიციალურად უკვე მე-15 წელია აღნიშნავს მას. გასულ წლებში საკუთარი შესაძლებლობებით ვატარებდით ამ დღეს, წელს კი მერიასთან მოხდა ინტეგრირება და ერთიანი ძალებით აღვნიშნავთ. დაახლოებით 20 გამომცემელი იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ლიტერატურა, კითხვა“,_ამბობს კასრაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია და დარღვევის შემთხვევაში ასოციაცია სპეციალურ ზომებს იღებს.
„საავტორო უფლებების დარღვევა მსოფლიო პრობლემაა. საქართველოშიც ირღვევა და ჩვენი ასოციაცია დიდ ყურადღებას უთმობს მას. ჩვენი პროფესიისთვის, ჩვენი სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა. ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, სადაც საავტორო უფლებები იქნება დაცული. ორგანიზაცია, გამომცემლობა როცა წევრიანდება ჩვენს ასოციაციაში, უპირველეს ყოვლისა, მას ევალება საავტორო უფლებების დაცვა. თუ საავტორო უფლებები ირღვევა, ვიღებთ სპეციალურ ზომებს. ცოტა ხნის წინ კამპანია ჩავატარეთ. დავუკავშირდით იმ საიტებს, რომლებიც საავტორო უფლების დაცვის გარეშე ყიდიან წიგნებს და მივიღეთ შესაბამისი ზომები, რომ ეს წიგნები ამოეღოთ გაყიდვიდან“, _ ამბობს კასრაძე.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის პერფომანსი გაიმართება, ღონისძიებას კი თბილისის მერიის მუსიკალური ბენდი – “ბიგ ბენდი” დაასრულებს.