კახეთში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ავიაცია დილიდან ჩაერთო. ადგილზე მუშაობს ერთი ქართული კერძო ვერტმფრენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი და ორი ირანული ვერტმფრენი. სოფელ ართანას ტყეში მნიშვნელოვნად იზრდება ოპერაციაში მონაწილე ცოცხალი ძალაც.
ადგილზე მყოფ მეხანძრეებს, მაშველებსა და რეინჯერებს დღეიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი დაემატა.
ასევე მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის 50 თანამშრომლის ადგილზე გადაყვანა.
ადგილი, სადაც ცეცხლი მძვინვარებს, მიუვალია, შეუძლებელია არა თუ ტექნიკის, არამედ მაშველების ფეხით მისვლაც კი. ადგილზე მეხანძრე-მაშველების გადაყვანა ვერტფრენებით ხდება.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვითარება ადგილზე კვლავ რთულია. მისი თქმით, შესაძლებელია დღეს ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდეს.
„გუშინ ღამით იქნა მობილიზებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე მებრძოლი. დაახლოებით 2 საათში იქნებიან უშუალოდ ცეცხლის კერებთან და იმუშავებენ ცეცხლის კერებზე. ფრენების ნებართვა მიღებულია და ქართული ვერტმფრენები დაიწყებენ დესანტირებას სპეცდანიშნულების რაზმისა და მეხანძრეების ალპურ ზონაში, რომ ზემოდანაც იქნეს ლოკალიზაციაზე მუშაობის გაგრძელება,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საფრთხის მაღალი დონის გამო, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, მეხანძრე მაშველები გუშინ გვიან ღამით ხანძრის ადგილიდან გამოიყვანეს.
rustavi2.ge