პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნაზე იმსჯელეს.
„ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომელსაც გამოძახილი აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი გადაუდებელ ქმედებას ითხოვს და ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით ბავშვებმა იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
შეკრებილებს ასევე მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.
ემი კლენსის განცხადებით, ტყვიის შემცველობის საკითხი და მის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასევე პრიორიტეტულად დარჩეს ეს პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვების იმუნიტეტის და ორსულების თვალსაზრისით არის საყურადღებო.
საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო UNICEF-საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ნინო ძოწენიძემ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია დონორების მიერ გაწეული ტექნიკური დახმარების, სისტემის დანერგვის პროცესში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და მოლოდინის თაობაზე.
თემა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განიხილეს.
როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, პარლამენტი, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად, მზადაა თანამშრომლობისთვის ყველასთან, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, UNICEF საქართველოს ოფისის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.