მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა, მმართველი გუნდი მას ოპოზიციის პრეზიდენტად მოიხსენიებს. დაპირისპირებამდე კი, მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობდა.
,,გავკადნიერდები და გეტყვით, მომავალშიც მენდეთ! მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს“, _ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აცხადებდა ივანიშვილი.
მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები დაიძაბა და საბოლოოდ, ,,ქართული ოცნების“ ლიდერებმა მარგველაშვილი ოპოზიციონერ პრეზიდენტად გამოაცხადეს.
“პრეზიდენტმა საკუთარი თავის სრული ილუსტრაცია მაშინ მოახდინა, როცა ოპოზიციის მიერ შექმნილ დოკუმენტს თანხმობის დოკუმენტი უწოდა. მან პირდაპირ აჩვენა, რომ ოპოზიციის პრეზიდენტია და არა – ქართველი ხალხის“,_ განაცხადა კობახიძემ.
ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა მორიგი ბრალდებები, რომელიც შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებასა და შესაძლო კორუფციულ ბრალდებებს გულისხმობდა.
ამჯერად, მმართველ გუნდში პრეზიდენტს ,,ნაციონალურ მოძარობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებენ. ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ოცნების“ წევრი კარლო კოპალიანი გიორგი მარგველაშვილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ პრეზიდენტს უწოდებს.
,,პრეზიდენტს მმართველი გუნდი ნამდვილად არ ებრძვის, რადგან ის ჩვენი წონის არ მიგვაჩნია. როგორც კი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, მაშინვე გადგა გვერდზე და უღალატა ხალხს. მგონია, რომ მას გარკვეული ვალდებულებები გააჩნდა წინა ხელისუფლების წინაშე. შესაძლოა, მას უთხრეს, მოიქეცი ისე, როგორც ჩვენ გვინდაო და წავიდა ამ მიმართულებით. შესაძლოა, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მარგველაშვილთან მიმართებითაც გააჩნდა გარკვეული კომპრომატები, რომლებსაც თავის სასარგებლოდ იყენებდნენ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია“, _ გვითხრა კოპალიანმა.
ბრალდებებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მოკლედ პასუხობს და აცხადებს, რომ კოპალიანის განცხადება არარეალურია.
,,ეს ისეთი სისულელეა, რომელიც ,,ქართულ ოცნების“ არა თუ ნორმალური, არამედ ყველაზე სულელ წარმომადგენელს რომ უთხრათ, არ დაიჯერებს. ამ საკითხზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, _ გვითხრა გოცირიძემ.
გიორგი მარგველაშვილს 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა წელს ეწურება. ჯერჯერობით, უცნობია, მარგველაშვილი ჩამოსცილდება პოლიტიკურ პროცესებს თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრის შემთხვევაში, იბრძოლებს პოლიტიკურ ველზე, ამის შესახებ ინფომაცია უახლოეს მოამვალში გახდება ცნობილი.