“უფლებები საქართველო” აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ევროკონვენციის მე-10 მუხლი დაარღვია.
ცნობისთვის, 2021 წლის 28 იანვარს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მთავარი არხის” ეთერში სავარაუდოდ უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. საქმე ეხებოდა 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის” საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს” 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს.
„უფლებების საქართველო” მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ „მთავარი არხის” სამართალდარღვევად ცნობის ფაქტი შეადგენს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ „მთავარი არხი” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დადგინდა იმ შემთხვევებშიც, როცა გამოხატვის თავისუფლების სუბიექტი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, თუმცა სანქცია ფაქტობრივად არ დაკისრებია.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო „საერთაშორისო პრაქტიკის“ შესწავლის საფუძველზე, თუმცა კომისიას მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს, უწინარეს ყოვლისა, „კანონით დადგენილი წესების თანახმად“, როგორც ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით.
კომისიის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს“. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ვიდრე განიხილავს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს და ჩარევის აუცილებლობას, პირველ რიგში, ამოწმებს, ჰქონდა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, შესაბამისი წესები (საკანონმდებლო ნორმები/სასამართლო პრაქტიკა) უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ცხადი და წინასწარგანჭვრეტადი და ნათელი იმ თვალსაზრისით, რომ სამართლებრივი საფუძვლით არაორაზროვნად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ ვის აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და რა მოცულობით, რათა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას არ ჰქონდეს თვითნებური ხასიათი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რადგან ეროვნული კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მას არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში მაშინაც, როცა მაუწყებლის პროგრამა სავარაუდოდ შეიცავს უხამსობას.
2009 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს no. 1/3/421,4226 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე … მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით, რომლის თანახმადაც, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირისთვის გათვალისწინებული იქნა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, იმ შემთხვევაში, როცა მაუწყებლის მიერ გადაცემული პროგრამა ან განთავსებული რეკლამა სავარაუდოდ შეიცავს უხამსობას. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაადგენდა დაინტერესებული პირის მიერ კომისიისთვის მიმართვის უფლებას, რადგან საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვის უფლებას და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, არღვევდა თუ არა დაინტერესებული პირის მიერ კომისიისთვის მიმართვის შეუძლებლობა კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლოს, მით უმეტეს, არ დაუდგენია კომისიისთვის მიმართვის შეუძლებლობის არქონის არაკონსტიტუციურობა.
ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან საკონსტიტუციო კონტროლს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, სასამართლოდ ჩაითვლება კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო უწყება, რომელიც შესაბამისი ქვეყნის სასამართლო სისტემაში არის ინტეგრირებული.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არც საქართველოს კანონმდებლობით, არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არ ითვლება სასამართლოდ. კომისიამ თვითნებურად განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოახდინა მართლმსაჯულების ფუნქციის უზურპაცია და კანონიერი საფუძვლის გარეშე ჩაერია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში.
ცხადია, სხვა საკითხია, საქართველოს საერთო სასამართლო როგორ შეაფასებდა „მთავარი არხის“ მიერ გადაცემული სიუჟეტის სადავო ნაწილს, ერთის მხრივ, მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების, საზოგადოების ინფორმირების ინტერესსა და მეორეს მხრივ, ინდივიდის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას (რომლის ნაწილიცაა პირის რეპუტაციის დაცულობის უფლება) შორის სამართლიანი ბალანსის დასადგენად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, მაგრამ ვერ ჩაითვლება, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიაში რაიმე წვლილი შეაქვს სატელევიზო პროგრამას, რომელიც მხოლოდ პირის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ კონკრეტული აუდიტორიის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება, თუნდაც ეს პირი ცნობილი იყოს და ჩაწერა საჯარო სივრცეში წარმოებდეს. ეჭვგარეშეა, რომ „მთავარი არხის“ შესატყვისი გადაცემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს ეხებოდა, მაგრამ კითხვის ქვეშ დგას, თუ რამდენად აუცილებელი იყო სადავო მომენტის ტელევიზიით გაშუქება, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დაუშვებელია, „საზოგადოებრივი ინტერესი“ დაყვანილი იქნეს საზოგადოების წყურვილზე, იყოს ინფორმირებული სხვათა პირადი ცხოვრების შესახებ ან მაყურებლის/მკითხველის მისწრაფებაზე სენსაციონალიზმისა თუ ვუაიერიზმისკენ.
თუმცა, იმის გამო, რომ კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სამართალდარღვევად ცნობა არ ეფუძნება შიდასახელმწიფოებრივ სამართალს, ასევე დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომელსაც პირველ რიგში ამოწმებს ევროპული სასამართლო – გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს „კანონით დადგენილ წესებს“. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ისახავდა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს და რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში.