“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილების გახორციელებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები 27 ივნისს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც იმ დღეს გამოიტანენ
მანამდე კი, გამგებელთან გამართულ თათბირზე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ პირველი ივლისიდან ისინი შტატიან თანამშრომლებად აღარ ჩაითვლებიან და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ხელშეკრულებით გააგრძელებენ.
ამ ფაქტს “გურია ნიუსთან” საუბრისას გამგებლის რამდენიმე წარმომადგენელიც გვიდასტურებს:
“დიახ, გამგებელთან თათბირზე ვიყავით დაბარებულები, სადაც გაგვაფრთხილეს, რომ არ არის გამორიცხული, პირველი ივლისიდან ხელშეკრულებით გავაგრძელოთ საქმიანობა”, _ ამბობენ გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საკრებულოს ფრაქციებსა თუ კომისიებში საკითხზე მსჯელობისას, გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსმა, ელიკო იმნაძემ განმარტა, რომ ცვლილება გამოწვეულია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2017 წლის პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს შტატების დასახელებებში ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება.
გარდა გამგეობისა, ანალოგიური ცვლილებები იგეგმება “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაშიც.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვეუბნებიან, ცვლილება, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, ძალაში პირველი ივლისიდან შევა და მასში მკაცრად არ არის განსაზღვრული, რომელი ჩაითვალოს მუდმივ თუ არამუდმივ პროფესიულ საჯარო მოხელის შტატად. ამ კუთხით არჩევნის უფლება ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს და მან უნდა განსაზღვროს, რომელია მისთვის არამუდმივი პროფესიული საჯარო მოხელის შტატი.
“საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და “პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობის იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის #125-ე დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობების ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, გამგეობამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც განსახილველად შეტანილია საკრებულოში და დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში შევა”, _ ამბობენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში ამირან გიგინეიშვილს დაუშვებლად მიაჩნია მსგავსი ინიციატივა. მისი თქმით, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, შტატია და არა დროებითი სამუშაო ადგილი. თანაც ეს ადამიანები კონკურსის შედეგად მოხვდნენ ამ თანამდებობებზე:
“კანონი განსაზღვრავს, რომ მუნიციპალიტეტს დასახელებაში შეიძლება ჰქონდეს ადმინისტრაციული ერთეული. ლანჩხუთში არის კიდეც 16 ასეთი ერთეული. ასევე, კანონითაა განსაზღვრული გამგებლის უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც, იგი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება კი განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ანუ თუ უნდა დაინიშნოს და ეს კოდექსითაა განსაზღვრული, ეს ვერ იქნება უშტატო, დროებით სამუშაო ადგილი. თუ გამგებელს არ სჭირდება წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში მუდმივად ხალხთან საკონტაქტოდ, მაშინ ადმინისტრაციული ერთეულის არსებობის აუცილებლობაც შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მერე სამსახურების არსებობაც და ბოლოს გამგებელიც, როგორც ლუდოვიკო მეთოთხმეტე, გამოაცხადებს, მთელი ლანჩხუთი მე ვარო”, _ ამბობს გიგინეიშვილი და იმედს იტოვებს, რომ ამ ინიციატივას ლანჩხუთის საკრებულოში სრული მხარდაჭერა არ ექნება:
“იმედია, ამ ინიციატივას მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერენ და პასუხისმგებლობას არ აიღებენ მოსახლეობასთან გაუარესებული კომუნიკაციის გამო”, _ დასძენს ამირან გიგინეიშვილი.
ამირან გიგინეიშვილი ამ გადაწყვეტილებაში ერთგვარი ზეწოლის ნიშნებს ხედავს წინასაარჩევნოდ, რადგან ხელშეკრულების გაწყვეტის შიშით, გამგებლის წარმომადგენლები სასურველი შედეგის მისაღწევად უფრო მოტივირებულები იქნებიან.