საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის შეხვედრები, სადაც ხალხი პირდაპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, არის მხოლოდ საინტერესო და პოზიტივის მომცემი და იმედი გამოთქვა, რომ იმ ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტს, რომელსაც საკონსტიტუციო პროექტი ჰქვია, გარკვეული კომპრომისი მიმდინარე დებატების მეშვეობით დაემატება.
აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გორში საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შევქმნათ კონსენსუსის პრეცენდენტი.
„უკვე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა და ნათლად ვხედავთ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. კონსტიტუცია პირველ რიგში უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტი. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასრულდა ნულოვანი კონსენსუსით. იმ კონსტიტუციის პროექტს, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, ხელს აწერს მხოლოდ პარტია “ქართული ოცნება”. ასეთი ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტის განხილვისას ხალხის აზრი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კონსენსუსი არის მთავარი, რაც უნდა იყოს საკონსტიტუციო პროცესში“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.