ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, – აღნიშნა ბოლნისის მერმა.
მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს შეიმუშავა.