ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვიმბალაურისა და აკეთის საექიმო უბნებზე ინფიცირებულთა სწრაფი ტესტით გამოვლენა დაიწყო.
მოქალაქეებს ტესტირება ასევე შესაძლებელი იქნება ქვიანის, აცანის, სუფსის საექიმო უბნებზე.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, მალე ამ აქციაში სხვა უბნებიც ჩაერთვებიან.
„ეს ღონისძიება ითვალისწინებს, რომ სოფლის მაცხოვრებელს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს, სჭირდება ტესტის ჩატარება და ვერ ახერხერბენ ტრანსპორტირებას,გაუადვილდეს ექიმთან მისვლა. ამათი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ შეიძლება. უნდა იმგზავრონ იზოლირებულად. საკუთარი ტრანსპორტით, რომ ინფექცია არ გავრცელდეს. გადაწყდა, რომ ყველა სოფლის ექიმი უნდა მოემსახუროს პაციენტებს ადგილზე, რომ მოსახლეობისთვის უფრო ადვილი იყოს ექიმთან მისვლა, ვიდრე რაიონში ჩამოსვლა. ეს ეხება სწრაფ ტესტებს. ჯერჯერობით 5 უბანია არჩეული, მაგრამ ალბათ მალე ყველა უბანი ჩაერთვება ამ აქციაში“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
შეკითხვაზე, საექიმო უბნები უზრუნველყოფენ თუ არა რომ ტესტის ჩასატარებლად მისული პაციენტების შენობაში შესვლა სხვა პაციენტებისგან იზოლირებულად მოხდეს_ მენაღარიშვილი შემდეგ პასუხს გვცემს:
„საექიმო უბნებს არ აქვთ შესაძლებლობა რომ შესასვლელი იზოლირებული იყვეს, ამიტომ ხდება დროითი დაცვა. დღის პირველ ნახევარში ექიმები მოემსახურებიან სხვა პაციენტებს, რომლებსაც ტესტის გაკეთება არ სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში კი ტესტირებაზე მისულ ადამიანებს. დროის შესახებ ექიმები მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.