BBC –ის ინფორმაციით,ინდოეთში ახალი მომაკვდინებელი ინფექცია, ე.წ. „შავი სოკო“ გავრცელდა.
როგორც ცნობილია, მუკორმიკოზით უკვე 9 000-მდე ადამიანია ინფიცირებული.
მუკორომიკოზით გარდაცვალების მაჩვენებელი, საშუალოდ, 50%-ია, ინფიცირებული ადამიანების დიდ ნაწილს კი განსაკურნებლად თვალის დაკარგვა უწევს.
ექიმების თქმით, ინფექციას კავშირი აქვს სტეროიდებთან, რომლებიც გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ. დიაბეტით დაავადებულები კი განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.
„შავი სოკოს ინფექცია ახლა უფრო დიდი გამოწვევა გახდა, ვიდრე კოვიდ -19. თუ პაციენტები დროულად და სათანადოდ არ იმკურნალებენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება 94% -მდე გაიზარდოს. მკურნალობის ღირებულება ძვირია და მედიკამენტები დეფიციტურია”, – თქვა დოქტორმა პანდეიმ.
არსებული ინფორმაციით, იშვიათი ინფექცია, ძირითადად, კორონავირუსისგან განკურნებიდან 12-18 დღის განმავლობაში ვლინდება.
მუკორომიკოზის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ორ შტატში – გუჯარათსა და მაჰარაშტრაში გამოვლინდა, თუმცა, მეტ-ნაკლებად, მან უკვე ყველა შტატი მოიცვა. 29 შტატში, შესაძლოა, ინფექცია პანდემიადაც გამოცხადდეს.