შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალმა იკლო, რადგან ადრე თუ 10 პოლიციელი იყო ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელია იმ ადგილზე.
“კრიმინალი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო და მთლიანი სტატისტიკით, ბევრად დაკლებულია რიცხვები. იქედან გამომდინარე, რომ 3-ჯერ მეტი პოლიციელია გამოსულ დღეს, ადრე თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს – 30 პოლიციელია იმ ადგილზე. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მარნეულშიც, გორშიც და თბილისშიც, თუმცა, ადრე თუ ხდებოდა 10, დღეს ხდება 4-3. პოლიციური რესურსი საკმარისია, თუმცა რეზერვები გვაქვს ჩვენც, თავდაცვასაც. მთლიანად მმართველი გუნდი მუშაობს პარლამენტთან ერთად”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.