ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სავარაუდო ვერსიით, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს- განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ პოლიციას დაკითხვაზე ჰყავს მოკლულის ოჯახის წევრები. რაც შეეხება თვითმხილველებს, ისინი აცხადებენ, რომ დამნაშავის დანახვა ვერ მოასწრეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას თავზე ჩაფხუტი ეხურა და მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მოკლულ კ.ძ-სთან დაკავშრებით კი ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ბოლო პერიოდში მონასტერში ცხოვრობდა.
მკვლელობის ადგილას, ვილნიუსის ბაღთან საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ. არსებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე გასროლა იყო, რის შედეგადაც იქვე მდგარი ავტომობილებიც დაზიანდა.
მკვლელობა თბილისის ცენტრში საღამოს საათებში მოხდა. მოკლულია 47 წლის მამაკაცი.