დღეს ქართველი სამართალდამცველების „თავგადასავლებს“ შემოგთავაზებთ. ეს შემთხვევები რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა. იმდროინდელი „მილიციონერები“ დღეს დამსახურებულ პენსიაზე იმყოფებიან და რასაკვირველია წარსულის გახსენება ძალიან უყვართ.
თავდაპირველად სიტყვას ბატონ მერაბ კაციას გადავცემ, რომელიც მართლაც რომ უცნაურ ამბავს მოგვიყვება.
„გასული საუკუნის სამოციან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ კაპიტანი ვიყავი, სოხუმის მილიციაში ვმუშაობდი. საკურორტო სეზონი რომ დაიწყო, ეგრეთ წოდებულ სამთავრობო „დაჩების“ რაიონში (თანამედროვე ენით კი „ვიპ“ ზონაში) აგარაკების გაქურდვის შემთხვევები გახშირდა. არადა იქ, მოქმედი და ყოფილი პარტიული მაღალჩინოსნები ისვენებდნენ. ქურდის ფოტორობოტი გვქონდა, მაგრამ მის მოხელთებას ვერ ვახერხებდით. ამიტომ, იმ მიდამოებში ჩასაფრებულები ვიყავით და ზოგჯერ ჩემი თანამშრომლები ყოვლად უდანაშაულო ადამიანებსაც აკავებდნენ. განსაკუთრებით კი ერთი რიგითი, კოწია მარშანია აქტიურობდა. ის აფხაზეთის მაღალმთიანი სოფლიდან იყო. დიდი განათლებითა და ინტელექტით ვერ გამოირჩეოდა და მის მაგივრად მე ვუხდიდი ხოლმე ბოდიშს შეწუხებულ ტურისტებს. როცა კოწია იყო მორიგე, ყოველთვის „ჩეპეს“ მოლოდინში ვიყავით.
ერთ დღეს, დილით, სამსახურში მივედი. იმ ღამეს სწორედ კოწია იყო მორიგე და სახლში წასული დამხვდა. მორიგეობის ჟურნალი გადავშალე, დაკავებულების სიას თვალი გადავავლე და გავშრი. სიის რიგში ეწერა – ლევ დავითის ძე ტროცკი… მორიგეს დავუძახე და ვეკითხები:
– ტროცკი ვინ დააკავა?
– მარშანიამ, უფროსო. იმ დროს ჩაავლო, „დაჩების ზაბორში“ რომ აპირებდა შეძრომას. ეგაა ნამდვილად, ის მოუხელთებელი ქურდი და ყოჩაღ კოწიას! გაუმართლა და ალბათ, „დასროჩნი ზვანიას“ მისცემენო, – სხაპასხუპით მომახსენა მორიგე სალიამ, რომელიც კოწიაზე არანაკლები ბრიყვი და ხეპრე იყო.
მე ვიფიქრე, ალბათ, მართლა ვიღაც ბაცაცა აიყვანეს – ღობეში ძვრებოდა, იმან კი მილიციელებს დასცინა და ტროცკი ვარო, ისე გაეცნო. სალიას ვუბრძანე:
– ტროცკი მომიყვანე-მეთქი.
ორიოდე წუთში „ტროცკიც“ მომიყვანეს. ის კი არც მეტი, არც ნაკლები, სტალინის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი აღმოჩნდა. ის, თურმე, ღამის სეირნობიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა აგარაკზე და ამ დროს ჩაავლო კოწიამ. დაკავებული პირადად მარშანიამ დაკითხა. ვერ მიხვდა, რომ მოლოტოვი გაეხუმრა და მისი ვინაობის გასწვრივ ჩაწერა – ლევ ტროცკი… კიდევ კარგი, რომ კოწია მას ხელით არ შეეხო, რასაც საშინელება მოჰყვებოდა. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. ნამორიგევი კოწია ლოგინიდან წამოვაგდე და სამი დღით ჰაუპტვახტში ჩავსვი. თან, მხოლოდ შავ პურსა და წყალს ვაძლევდით, რომ იქნებ ტვინი განათებოდა… შემდეგ კი მოძრაობის რეგულატორად გადავიყვანეთ“.
სოხუმიდან თბილისში გადმოვინაცვლოთ და ორი აქაური „კრიმინალური ფაქტი“ გავიხსენოთ. ბატონი დიმიტრი პაპავა დიღმის მასივში დაფიქსირებულ შემთხვევას გაგვაცნობს.
„გასული საუკუნის სამოციან წლებში დიღმის მასივში უბნის ინსპექტორად ვმუშაობდი. ერთ-ერთი სახლის მესამე სართულზე ბაირამოვები ცხოვრობდნენ. მარატ ბაირამოვი აზერბაიჯანელი იყო და ცოლად სომეხი ქალი ჰყავდა. მარატი მშვიდი და მშრომელი კაცი იყო, მაგრამ, როგორც კი მასთან სტუმრად ერევნიდან სიდედრი ჩამოვიდოდა, რადიკალურად იცვლებოდა და ოჯახი ირეოდა. ამის გამო, ბაირამოვების მეზობლები მილიციაში რეკვას იწყებდნენ და მათი ოჯახიდან გამომავალი ხმაურის აღკვეთას ითხოვდნენ. ამიტომ ჩვენ მათი ოჯახის ხშირი სტუმრები ვიყავით და მარატის სიდედრს – კარინას, კარგად ვიცნობდით.
ერთ თოვლიან ზამთარს ბაირამოვების მეზობლებმა ისევ დაგვირეკეს და, რომ მივედი, დავინახე, რომ მთელი სადარბაზო ბაირამოვების კართანაა შეკრებილი. შიგნიდან კი კარინას განწირული ყვირილი ისმის – მარატ, არ მომკლაო. დრო არ ითმენდა. ხის კარი შევამტვრიე და იმ დროს შევვარდი ბინაში, როდესაც მარატმა ხელში აყვანილი კარინა მესამე სართულის ფანჯრიდან ეზოში მოისროლა… ასანთის ღერივით გამხდარი ქალი სულ ფარფატით დაეშვა ძირს და თოვლის გროვაში ჩაერჭო…
– ახლა კი დიდი ხნით ჩაგსვამენ ციხეში, მარატ, ეს არ უნდა გექნა. მკვლელობისთვის არავინ გაგამართლებს, – სინანულით ვუთხარი მარატს, მან კი შვებით მომიგო:
– ჩამსვან, უფროსო. წმიდათაწმიდა საქმისთვის ციხესაც ავიტან.
უცებ თოვლის გროვა შეინძრა, იქიდან კარინა გამოძვრა და ზემოთ ამოიხედა. მერე მარატს მუშტი მოუღერა და სიძეს სომხურად შეაგინა.
– უკვდავია, ეს დედამო… – მარატმა ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, ისე წაუვიდა გული და, რომ არ დამეჭირა, თვითონაც ფანჯრიდან გადავარდებოდა.
ერთი სიტყვით, მარატ ბაირამოვს ინფარქტმა დაარტყა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს, კარინას კი ერთი განაკაწრიც არ ჰქონია სხეულზე. ის მეორე დღესვე გაემგზავრა ერევანში და მას მერე მარატთან სტუმრად აღარ ჩამოსულა“.
ბატონი ნოდარ ხვადაგიანი ერთი თბილისური პანაშვიდის „პერიპეტიებს“ მოგვიყვება.
„ავლაბარში ერთი კაცი ცხოვრობდა, ვინმე ვანო ქონდარელი, რომელსაც „აბლაბუდას“ ეძახდნენ. მოშავო ტიპი იყო, მაგრამ სერიოზულს არაფერს აშავებდა და არ ვაწუხებდით. აბლაბუდა რომ გარდაიცვალა, მის პანაშვიდებზე რიგრიგობით დავდიოდით გადაცმული ოპერები, თან, ყველაფერს ფარულად ვიღებდით. ვიცოდით, რომ იქ შავებიც მივიდოდნენ და იქნებ ძებნილ ბოროტმოქმედს გადავყროდით და დაგვეჭირა.
ერთ-ერთ პანაშვიდზე მე ვმორიგეობდი. საღამოა. პანაშვიდი დაიწყო და ხალხის ნაკადმა ნელ-ნელა იმატა. განსვენებულის მეუღლე კუბოსთან იჯდა და რაც უფრო მეტი ხალხი მოდიოდა, ხმასაც შესაბამისად უწევდა და გოდებდა. როცა სამძიმარზე ცნობილი ნარკომანი „პანტა“ მოვიდა, იმ ქალმა ასეთი ფრაზით ამცნო გარდაცვალებულს მისი გამოჩენა: „ადე, აბლაბუდ, პანტას შეეგებე და შენებურად უთხარი: ორ-ორი კუბი შევიშხაპუნოთო“. ერთი სიტყვით, აბლაბუდას ცოლის ფრაზებზე სიცილს ძლივს ვიკავებდით.
პანაშვიდი უკვე მთავრდებოდა, როდესაც ოთახში ერთი შავგვრემანი კაცი შემოვიდა და ცოლმა აბლაბუდას დაატირა: „ადე, ადე, აბლაბუდ! შენი ზახარა მოვიდა. შეეგებე და შენებურად უთხარი: „სტო ტისჩი ჩამომიბეჭდეო…“ კაცი ამ სიტყვებზე შეცბა. კუბოს წრე დაარტყა და სწრაფად წავიდა. ჩვენ მას გავყევით. ასიოდე მეტრში დავაკავეთ და მილიციაში წავიყვანეთ. ის კაცი ვინმე ზახარ შაროევი იყო, რომელსაც სახლში ფულის საბეჭდი დაზგა აღმოვუჩინეთ. როგორც გაირკვა, შაროევი და აბლაბუდა ყალბ ფულებს ამზადებდნენ და რუსეთში ავრცელებდნენ“.