საყდრისის კომიტეტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანია “არემჯი გოლდმა” მეცამეტე საუკუნის ძეგლი _ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი დააზიანა.
კომიტეტის ინფორმაციით, „სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება-განადგურება, აგრეთე კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა, იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს“.
საყდრისის კომიტეტმა შესაბამისი მასალაც გაავრცელა და პროკურატურას გამოძიების დაუყონებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.
ბრიფინგს განცხადებით გამოეხმაურნენ “არემჯი გოლდში” . RMG-ში ამბობენ, რომ “კომპანიის საქმიანობა არ ეხება სამონასტრო კომპლექსს და არც გარშემო ტერიტორიას”:
“მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი,” _ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარმა მამა ექვთიმემაც დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მამა სერაფიმეს არ გაუცია პასუხი კითხვაზე დაზიანდა თუ არა სამონასტრო კომპლექსი. ამ კითხვაზე პასუხის მიღებას „გურია ნიუსი“ შეეცადა, თუმცა, მამაომ ჯერ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამოგვირთო.
მამა სერაფიმესგან განსხვავებით კომპლექსის დაზიაანებაზე ღიად საუბრობენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. სააგენტოს წარმომადგენელის, ბექა ბარამიძის თქმით, საყდრისის კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული სურათებით ახალი დაზიანებები ნათლად ჩანს. ბარამიძე სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სააგენტო შემდგომი რეაგირების საკითხს კომპლექსის დეტალურად შესწავლის შემდეგ განიხილავს:
„ხვალ დილიდან ჩვენი მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფი წავა ადგილზე, შეისწავლიან შესაძლო დაზიანებების ხარისხს, წარმოადგენენ ანგარიშს და ამის შემდეგ გაკეთდება დასკვნა და ამის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებებიც და რეაგირების საკითხიც“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბარამიძემ.
_ ბატონო ბექა, საყდრისის კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ ფოტოებზე დაზიანებები ჩანს…
_ გეთანხმებით და დიდი ალბათობით, ეს დაზიანებები ახალი მიყენებულია. თუმცა, საფუძვლიანი დასკვნა რამდენიმე დღეში გვექნება და შესაბამისად დაზიანებების შესახებ დაზუსტებით შემდეგ ვისაუბრებთ.
_ იმ მონაცემებით რაც ახლა გაქვთ ვისი პასუხიმგებლობა იკვეთება?
_ ცალსახად სასულიერო პირების პასუხისმგებლობაა, რადგან მათი ინიციატივით გახორციელდა ეს სამუშაოები. “არემჯი გოლდმა” მათი თხოვნით მიიყვანა ტექნიკა ადგილზე და ის სამუშაოები განახორციელა რაზეც მიუთითეს სასულიერო პირებმა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო დაუდევრობა სასულიერო პირების მხრიდან. ყველა მათგანს აქვს სათანადო ინფორმაცია, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები საჭიროებს შეთანხმებას და ნებართვის მიღებას სააგენტოსგან, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
_ კომპანიას არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია? ტექნიკას ხომ „არემჯი გოლდის“ თანამშრომლები მართავდნენ?
_ კანონმდებლობა მათ ამ პასუხიმგებლობას არ აკისრებს, თუმცა, ადამიანურად შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობის განთვალისწინებით შეტყობინება გაეკეთებინათ. სხვა მხრივ ვერაფერს ვიტყვით, რადგან ის ტერიტორია „არემჯი გოლდის“ სამოქმედო არეალი არ გახლავთ, _ აღნიშნა ბარამიძემ.
ამავე თემაზე: არემჯი გოლდმა” მეცამეტე საუკუნის ძეგლი დააზიანა _ საყდრისის კომიტეტი (ფოტოები)