“არც ფსიქოლოგი ვარ, არც განათლების სისტემის მართვა მისწავლია ოდესმე. არც ვინმესთვის ჭკუის დარიგებას ვაპირებ, არც ამ საქმის ექსპერტობის პრეტენზია მაქვს. უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ” _ წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება:
“90-იანების თბილისში გავიზარდე; 2 ბიჭის დედა ვარ; მგონია. რომ ჩვენს ქალაქს კარგად ვიცნობ და მის ტკივილს მეც ვატარებ, ზუსტად ისე როგორც, ალბათყოველი თქვენგანი;
ვიცი, რომ სკოლის ასაკის ბავშვებს შორის ძალადობა ექსკლუზიურად არც ჩვენი ქალაქის არც ჩვენი ქვეყნის ფენომენი არ არის, მორალს ნუ წიმიკითხვათ, ვიცი;
პროფესიულად ვიცი, რომ მკაცრი სასჯელი არასოდეს და არსად გამოდგა ძალადობის გაქრობის პასუხად; დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობა და კანონის წინაშე თანასწორობის რწმენა უფრო სწორი და გამართული პასუხია, ვიდრე უსამართლო რეპრესიული კანონმდებლობა;
ჩაცუცქულობის, ქურდულ მენტალიტეტს და უკიდეგანო “ბლატაობას” ყველაზე მეტად უთანასწორობის, კანონზე მაღლა დგომის რწმენა ახალისებს, მამიკოს ან სხვა მიზეზით “გამოძვრომის” იმედი;
ფაქტად ვიცი, რომ “კაი ბიჭობას” თბილისის ძალიან ბევრ სკოლაში დორექტორ-მასწავლებელ-მანდატურიანად აფასებენ, სათვალიან _ წიგნებით მოსიარულე ბიჭებს ამრეზით უყურებენ;
ასევე ფაქტად ვიცი, ბულინგი ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს სკოლებში, ბულინგი არა მხოლოდ თანატოლების, არამედ პედაგოგების მხრიდანაც;
ასევე ფაქტად უნდა მივიღოთ, რომ სანამ ოჯახში ძალადობის თემაზე ვქირქვილებთ, იმათ დავცინით ვინც ამხელს და ებრძვის სისასტიკე მოზარდებში მზარდი ტენდენციის იქნება;
თუ ცემა, ყვირილი, ბილწსიტყვაობა ოჯახში ურთიერთობის ნორმაა რა უჭირს გარეთაც გავიმეოროთ;
ჩვენთან ხომ “კარგი ბიჭები” ცოლებს ცემენ, ხანდახან დანასაც უყრიან; დედამთილები რძლებზე ძალადობენ, აბა შვილის წინააღმდეგ ხომ არ წავლენ;
ნულოვანი ტოლერანტობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანებთან მიმართებაში უფრო მეტ სისასტიკეს, სისტემისგან გამიჯვნას და მეტ წინააღმდეგობას წარმოშობს” _ წერს ხიდაშელი და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში არსებულ ვითარებასაც ეხება:
“როცა მოსწავლეებს სკოლის კედლები ვეღარ იტევს, პედაგოგები და განსაკუთრებით დირექტორი საკუთარი ამბიციების გამო ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს ერთი და ორი ბავშვის კი არა, მთელი სკოლის დაჩაგვრას (162-ე სკოლასთან კონფლიქტი შესაძლოა გახსოვდეთ), ამაში მინისტრიც ეთანხმება და პრობლემას ვერ ხედავს, ძალიან ბევრი ადამიანის მიერ განგაშის ზარი მაშინ იყო შემოსაკვრელი. დირექტორი გასაშვები, სკოლა მოსათოკი და წესრიგი აღსადგენი.
40 და 45 მოზარდი რომ ყავს კლასში პედაგოგს და დღეში ორასზე მეც მოსწავლესთან უწევს კონტაქტი, 45 წუთის მანძილზე ფიზიკა/ქიმიაც უნდა ასწავლოს, გამოკითვაც უნდა მოასწროს და პარალელურად ყოველი მოსწავლის გუნება განწყობა აკონტროლოს და მის კარგ მოქალაქედ აღზრდაზეც იზრუნოს დამეთანხმებით შეუსრულებელი მისიაა.
არ მჯერა, რომ კერძო სკოლებში რამე განსაკუთრებული ხდება უკეთესი განათლების ან გენიოსების გაზრდის ნაწილში, მაგრამ ის კი ვიცი რა უპირატესობა აქვთ მათ.
თუ გაგიმართლათ და კარგი პედაგოგი შეგხვდათ ზუსტად იცით, რომ თქვენს შვილებს იცნობენ, მათი სახელები და გვარები იციან, რა მოსწონთ და რა აღიაზიანებთ, სად ჭირდებათ დახმარება და როდის გრძნობენ თავს კომფორტულად, სად ჭირდებათ ქცევის კორექტირება და როდის უნდა დაიხმარონ მშობელი.
ასეთ სკოლებში მშობლებსაც იცნობენ, მუდმივი კომუნიკაციაა მშობელსა და პედაგოგს შორის და გარანტია უფრო მეტია რომ თქვენი შვილები შესაძლოა დიდი ფიზიკოსები და ქიმიკოსები არ გამოვიდნენ მაგრამ კარგი მოქალაქეები იქნებიან” _ წერს თინა ხიდაშელი.