კურორტი გომისმთა მდინარე ბჟუჟის ხეობის ზემოთ, 2100-2300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქაური ჰავა, ხედები, ულამაზესია ჭინჭაოს ტბა და ხორუმივით შემოჯარული მწვერვალები ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის მთავარი მიმზიდველი ფაქტორია.
ხელისუფლების დაპირებით, უახლოეს წლებში, გომისმთის არა მარტო საზაფხულო, არამედ, სამთო-სათხილამურო კურორტიც უნდა გამხდარიყო. ურეკი-გომისმთის საბაგირო გზის მშენებლობასაც გვპირდებოდნენ მეტი ტურისტის მოსაზიდად.
თუმცა, დღეს, დაბის სტატუსის მინიჭებულ კურორტზე, ორი ინფრასტრუქტურული რეალობაა თვალშისაცემი _ ერთი მხრივ, ამორტიზებული და დანგრევამდე მისული ფიცრული ქოხმახები და მეორე მხრივ _ ყოველგვარი გეგმის, საერთო არქიტექტურის, კომუნალური ინფრასტრუქტურის გარეშე, სწრაფ ტემპში აგებული თანამედროვე კოტეჯები.
განსაკუთრებით 2018-19-20 წლებში, კურორტზე მიმავალი უამრავი სატვირთო ავტომანქანა შეგხვდებოდათ, რომლითაც მოსახლეობას სახლების სტიქიური, უკანონო მშენებლობისთვის საჭირო მასალები მიჰქონდა გომისმთისკენ.
_ ბაბუაჩემს ჰქონდა სახლი აქ; ახლა მე ვაშენებ. იქ, ჩვენთან ვკითხე შესაბამისს სარეგისტრაციო სამსახურს, რა უნდა ვქნა-თქო. მითხრეს, დადგიო, _ თქვა მაშინ “გურია ნიუსთან” საუბარში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა ბიჭიკო ო-მ.
_ ძველი სახლი დავშალე და ახალს ვაკეთებთ, ეგ გვერდზე რომ შენდება, არ ვიცი, ვისია, _ გვითხრა გურამ ა-მ. თუმცა, როგორც შემდგომ გავიგეთ, უნებართვოდ მშენებარე სახლის მეპატრონე მისივე თანასოფლელი იყო.
სახლები და ბოძები – ბევრს იღებენ, ზოგს – ტოვებენ
ასეთი ფაქტები და მაგალითები მრავლად აისახა ჩვენს ჟურნალისტურ მასალებში. გომისმთაზე, ნებართვის გარეშე, დღეში, მინიმუმ, 20-25 სახლი იდგმებოდა. ასევე, მთელი “ეპოპეა” შეიქმნა ტერიტორიის თვითნებურად “კოლებით” მონიშვნით _ მოქალაქეები, ყოველგვარი სასჯელის და ხელშეშლის გარეშე, აბეტონებდნენ რკინის ბოძკინტებს, სოლებს სასურველ მიწის ნაკვეთებზე.
“კოლებით” თვითნებური მიზომვების ბუმმა გადაიარა, სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა და ახლა ათასობით მოთხრილი ბოძი, სოლი, გროვებად ყრია კურორტის ქუჩებში.
პროკურატურამ ასობით საქმე აღძრა სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე და ადამიანები პასუხისგებაში მისცა; როგორც წინა ხელისუფლების დროს, ქონების დათმობის, პროკურატურასთან თანამშრომლობის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა და სახელმწიფომ შეძლო, პროკურატურის მეშვეობით, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება უკან დაებრუნებინა. პროცესი ახლაც გრძელდება.
მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, გენო კიშინსკი “გურია ნიუსთან” კომენტარში ამბობს:
_ ბოძების 60% მოთხრილია. წარმოუდგენლად ძნელი სამუშაოა ჩაბეტონებული რკინის ბოძების მოთხრა. ეს მძიმე ტექნიკით, მუხლუხოებიანი ტრაქტორებით მოვახერხეთ, თუმცა, ზოგი ისეა დაბეტონებული, კიდევ უფრო მძიმე ტექნიკაა საჭირო. ძნელია, ერთ სეზონზე ბოლომდე მოწესრიგება, თუმცა, 60% სამუშაოებისა, ნამდვილად შესრულებულია.
_ ხშირად ისმის, რომ შერჩევის პრინციპით მოხდა ბოძების მოთხრა და რომ ამოქმედებულია “ჩაწყობის” პრინციპი…
_ ასეთი პრინციპით რომ გვესარგებლა, ხომ ვერ შევძლებდით იმის გაკეთებას, რაც მოვახერხეთ?! ხარიათაღის მხარეს, ჯვართან, აჭარულ მოსახლეობას აქვს სახლები. ისინი იქ უამრავი წლის მანძილზე ეწეოდნენ მესაქონლეობას, დოვლათს ქმნიდნენ. იქ ამოვიღეთ მარტო 400-მდე ბოძი. ხომ რთულია, როცა ძალაუნებურად კითხვა გაუჩნდებოდათ მათ, რომ მხოლოდ გურიის მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის გაგვეწია რაღაც შეღავათის მსგავსი და მხოლოდ მათ მიერ უნებართვოდ დარჭობილი ბოძები მოგვეთხარა? ამიტომ არ მომხდარა არანაირი შერჩევა და რომ მომხდარიყო, არც არავინ გვაპატიებდა _ მაშინვე იყვირებდნენ…
_ და მაინც, აქ ერთ უბანს, ქუჩას, სადაც ახლად აშენებული კოტეჯებია, ასევე, არის მშენებარე სახლებიც, ხალხი ირონიულად “დეპუტატების უბანს” უწოდებს. თუ ეს მართალია, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება; საკრებულოს დეპუტატების იმ ნაწილს, ვისზეც ამას ამბობენ, იქ ნამდვილად ვერ ექნებოდა მასობრივად წინაპართაგან “ნაანდერძევი” მიწა…
_ მე ბევრი რამ გამიგონია, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. არ ვიცი, კანონის პატივისცემით უნდა ვიმოქმედოთ და ასე ნელ-ნელა მოვწესრიგდებით. სხვა გზა არ არის… _ გვითხრა გენო კიშინსკიმ და აღნიშნა, რომ ბოძებით თვითნებურად მიწის მონიშვნის პრაქტიკა არ გამეორდება და რაც დარჩენილია, იმასაც ამოიღებენ და გააუქმებენ:
_ ასევე, პროკურატურა განაგრძობს თავის საქმეს, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით და სიმართლე გითხრათ, დაზუსტებით არც ვიცი, რა ხდება; ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, _ გვითხრა კიშინსკიმ.
მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს განაშენიანების გენერალური გეგმა. მის შემუშავებაზე, სხვადასხვა დროს უამრავი დრო, სახსრები დაიხარჯა; მოეწყო არაერთი პრეზენტაცია, დამტკიცდა გენგეგმის ეტაპები; მაგალითად, 2018 წელს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე ჩვენთან საუბარში ამბობდა: “დღეს ჩვენ განვიხილეთ გომისმთის განაშენიანების გეგმის დოკუმენტი, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალაზე მნიშვნელოვანია. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ოზურგეთისთვის ნიშნავს განვითარებულ ტურიზმს და შესაბამისად ამ მიმართულებით წინსვლას ეკონომიკაში… გომისმთის განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. სამუშაო პროცესი მომდევნო ეტაპზეა, იგეგმება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით. საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტროს შეთანხმების შემდეგ, განაშენიანების გეგმას მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს”, _ ასეთი იყო ოფიციალური ინფორმაცია შვიდი წლის წინ. გენერალური გეგმის შემუშავება მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს “არტ-სტუდიომ” განახორციელა.
სამწუხაროდ, ამ გეგმას ან მის პროექტს ფართო საზოგადოება არ იცნობს. მეტიც, ჩვენ რამდენიმე საჯარო მოხელეს მივმართეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, ბოლოსდაბოლოს მიღებულია თუ არა გეგმის საბოლოო ვერსია და სად შეგვეძლო მისი გაცნობა. მათგან ვერ მივიღეთ ზუსტი პასუხი და ვერც გეგმას მივაკვლიეთ.
მერის პრესსამსახურის ნინო ბახტაძის კომენტარიდან კი შევიტყვეთ, რომ გეგმა ისევ დაუმტკიცებელია და მისი არარსებობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც უშლის ხელს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, უპირველეს პრობლემას კურორტამდე მისასვლელი გზის ცუდი მდგომარეობა წარმოადგენდა. სახიფათო გზა რამდენიმე წლის წინ “გზამშენი 18”-მა შეაკეთა, 2021 წლიდან კი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 21 კმ-მდე (კმ13-კმ32.6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
სამუშაოებს კომპანია New Road ახორციელებს. კომპანია 2010 წლის 29 ოქტომბერსაა რეგისტრირებული. 100%-იანი წილის მფლობელია დავით ჟღენტი. კომპანიას მონაწილეობა მიღებული აქვს 218 ტენდერი, რომლის საერთო ღირებულება 658,020,417 ლარია. ტენდერების სტატისტიკა ამგვარია: 38.1 % _ მოგებული; 4.6 % _ არშემდგარი; 0.4 % _ მიმდინარე და 56.9 % _ წაგებული.
კომპანიას 1 გამარტივებული შესყიდვა აქვს გახორციელებული, რომლის ღირებულება 6,814,803.75 ლარია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიას საკმაოდ კონკურენტულ გარემოში უწევს ოპერირება _ ტენდერებში მონაწილე კონკურენტების რაოდენობა, საშუალოდ, 10-ზე მეტია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კურორტ გომისმთაზე, 2024 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
_ არ იჯერებენ ადამიანები, რომ ეს არის ურთულესი რელიეფი. აქ მითითებულ ვადებში რომ სრულყოფილი მუშაობა ჩატარდეს, ყველაფერი, კლიმატიდან დაწყებული ადამიანებით დასრულებული, უნდა გიწყობდეს ხელს, _ ამბობს კომპანია “ნიუ როუდის” წარმომადგენელი.
ამით კომპანიის წარმომადგენელი გამოეხმაურა მოქალაქეების ნაწილის საყვედურს, რომ გომისმთისკენ გადაადგილება ეზღუდებათ. თავდაპირველად, ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით, შაბათს, დღის 4 საათიდან ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას, დილის 5 საათიდან ღამის 11 საათამდე შეეძლოთ გადაადგილება. კვირის სხვა დღეებში მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალული იყო. ახლა კი, დილის 5 საათიდან ცხრამდე, ყოველდღიურად არის შესაძლებელი ამ გზაზე მოძრაობა.
ადგილზე მისულებს, კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მშენებლობის შეფერხების გარდა, ამ გზაზე “ნაცნობობით” მოსიარულეები, საკუთარ სიცოცხლესაც უქმნიან საფრთხეს:
_ ძალიან რთული გეოლოგიური აგებულების ქანებით, წყალგაჯერებული გრუნტებით, ხშირი ნისლით და წვიმით, რომლის შედეგად დღე-ღამის უმეტეს დროს, ცუდია ხილვადობა და არაპროგნოზირებადი (ქვათაცვენა) მოვლენები. ეს განსაკუთრებით საშიშია სამშენებლო ორგანიზაციისთვის. ხოლო განსაკუთრებულად რისკის შემცველია უნებართვოდ გადადგილებული ტრანსპორტის და მოქალაქეებისათვის, _ გვეუბნება სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.
როგორც აქ გვიამბეს, მართალია, კომპანიას არ გააჩნია პრობლემები საჭირო ტექნიკის, პროფესიონალი კადრების და მუშახელის მხრივ, მაგრამ მათ მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, პრაქტიკულად, მშენებლობის ორი წლის მანძილზე, ყველაზე რთულ _ მე-19, 32-ე კილომეტრზე, 12 თვეში სრულყოფილად მუშაობის დასრულების საშუალება არ მიეცათ: _ ძირითადად, ყოველი წლის 15 ივნისიდან, ოქტომბრის ბოლომდე გვეძლევა საშუალება, ვაწარმოოთ სამშენებლო სამუშაოები, რომელშიც შედის საკურორტო 1,5 თვეც, _ გვეუბნება კომპანიის წარმომადგენელი.
კითხვაზე, მშენებლობის პერიოდში შეიცვალა თუ არა პროექტი, გვითხრეს, რომ შეიცვალა და სერიოზულადაც:
_ საჭირო გახდა დამატებითი გაბიონების და საყრდენი კედლების მოწყობა, წყალგამტარი მილების დამატება-ცვალებადობა. საპროექტო გზის ღერძების გადაადგილება, უვარგისი გრუნტის შეცვლა და რიგი სხვა აუცილებლად საჭირო ღონისძიებები. ამას კი დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და ოფიციალური სტრუქტურების დახმარება, _ გვითხრეს კომპანიაში.
კურორტს არ აქვს კანალიზაციის სისტემა, წყალსადენი. ოთხმოცდაათიანი წლებისთვის კურორტზე წყლის შემკრები აუზი არსებობდა, მაგრამ წყლის შიდა ქსელის მოწყობა ვერ შეძლეს. 2016 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაიწყო გომისმთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს შპს “ნდს მშენებლობა” (დირექტორი ზურაბ გუგეშაშვილი) აწარმოებდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 840 000 ლარი შეადგინა. წყალსადენის სათავე კურორტიდან 7,2 კილომეტრის დაშორებით “ჭინჭაოს” ტბის მიდამოებშია. აქედან, წყალი კურორტის 300 კუბური მეტრი მოცულობის წყლის მიმღებ რეზერვუარს მიეწოდება. წყალი ქლორატორში იფილტრებოდა. სამწუხაროდ, შემდეგ კურორტის ტერიტორიაზე შიდადაქსელვის სამუშაოები გაჭიანურდა. დღეისთვის ეს რეზერვუარი უმოქმედოა, რადგან არ გაივსო _ წყლის დებეტი საკმარისი არ აღმოჩნდა.
“გურია ნიუსთან” საუბრობს გომისმთაზე საკუთარი აგარაკის მფლობელი, სერგო ბოიაჯანი:
_ სათავე ნაგებობა არის, მაგრამ შიგ არაა საკმარისი წყალი, არ მოგროვდა. ამიტომ, ახლა უმოქმედოა. წყალი რომ გვქონოდა, თანხაც შევაგროვეთ. მე ასი ლარი დავდე. იყო ოჯახები, ზოგმა 2 ათასი ლარი გადაიხადა. ყველა ვცდილობდით, მოგვეგვარებინა, თუმცა, სრულყოფილად არ მოწესრიგდა. ისე, სხვადასხვა ადგილზე არის წყაროები და ხალხი ჯერჯერობით სარგებლობს ასე აღებული წყლით. რა თქმა უნდა, თანამედროვე, სრულყოფილ კურორტს, გამართული სისტემა სჭირდება. ჩვენ, რიგითი მცხოვრებლები, როგორც შევძლებთ, მივიღებთ მონაწილეობას, რომ გომისმთას გამართული წყალმომარაგების სისტემა ჰქონდეს, _ ამბობს ის.
უწყლობას და საკანალიზაციო სისტემის არქონას ემატება მოუწესრიგებელი ელექტროფიცირება _ კურორტს შუქი შუახევის მუნიციპალიტეტიდან და არასრულად მიეწოდება.
მერის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნინო ბახტაძე, ჩვენს კითხვაზე გომისმთის ინფრასტრუქტურის შესახებ, ამბობს:
“შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 21 კმ-მდე მონაკვეთზე, აქტიურად მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამჟამად, გზის ნახევარ ნაწილზე დაგებულია ასფალტი და უწყვეტად მიმდინარეობს სანამ არ დასრულდება.
პერიოდულად, ცუდი ამინდების შემთხვევაში, ჩერდება სამუშაოები. ამიტომ, ამინდის მიხედვით ვართ დამოკიდებული, თუ როდის დასრულდება გზის მოწყობა დაბა გომისმთაზე.
რაც შეეხება წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებას, ველოდებით “დაბა გომისმთის განვითარების გეგმის” მიღებას და ამის შემდეგ დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამჟამად, ელექტროენერგია მიეწოდებათ შუახევის მხრიდან, მაგრამ როცა გენგეგმა დასრულდება, ამის შემდეგ დაიწყება ყველაფერზე პროექტირება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ მთავრობასთან თანამშრომლობით გეგმავს კურორტის განვითარებას, რათა აქ გვქონდეს კომფორტული და თანამედროვე კურორტი”, _ გვითხრა ბახტაძემ.
ელექტროფიცირების საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში:
“აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კომპეტენციას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ “ენერგო პრო ჯორჯიას”, _ ასეთი პასუხი მივიღეთ აღნიშნული უწყების პრესსამსახურიდან.
გომისმთის განაშენიანების და ინფრასტრუქტურული ვითარების შესახებ, მოკლე კომენტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ:
_ კურორტზე უკანონო მშენებლობები აღიკვეთა. გომისმთის ინფრასტრუქტურის შესახებ, კერძოდ კი წყლის შესახებ შემიძლია გითხრათ, აუზი გაკეთებულია. შემკრები მოწყობილობაც არის დამონტაჟებული, მაგრამ წყალი ბევრგან გაქრა. ახლა არსებული დებეტი საკმარისი არაა. სხვადასხვა ადგილებზეა მოსაძებნი წყაროები და მერე მათი შეკრება, უფრო სწორად დამატება უნდა მოხდეს, _ გვითხრა მან.
ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის დირექტორის გია ანთაძის ინფორმაციით, კურორტზე 15-მდე ურნა არის დადგმული. მისივე თქმით, ურნების დასუფთავება კვირაში 2-3-ჯერ ხდება:
“მცირედი პერიოდით, სეზონზე იყო შემთხვევა, კვირაში ერთხელ ხდებოდა ურნების დაცლა. როგორც მოგეხსენებათ, გზის დაგება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დამსვენებელმა კომფორტულად დაისვენოს”, _ გვითხრა გია ანთაძემ.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ არავის უზრუნია კურორტის შიდა გზების არათუ მოვლისთვის, უბრალოდ, მათი არსებობისთვის _ სპონტანური მშენებლობები შიდა გზების არსებობაც კი ხელს უშლის.
_ სახელმწიფოს, პირველ რიგში, აქ გზები უნდა დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში. ნაკვეთთან, სახლთან ხომ უნდა მიხვიდე?! რაც თავისუფალი ნაკვეთები არსებობდა და მაშინ ეს ბევრი იყო, უნდა დაეყო და გაეყიდა. თუმცა, ასე არ მოხდა, _ საკუთარ აზრს გვიზიარებს აკაკი ლომჯარია.
კახა ჩავლეშვილი, როგორც იურისტი და როგორც ოზურგეთელი, უფრო ვრცელ და არგუმენტირებულ ანალიზს აკეთებს:
_ გომისმთის, როგორც კურორტის მართვა, აბსოლუტურად არ ხდება. არანაირი წინდახედული ნაბიჯი, არანაირი პრევენციული ღონისძიება სახელმწიფოს მიერ, გახორციელებული არ არის. ხალხიც გარკვეულწილად წაქეზებული იქნა, გარკვეული იმედები გაჩნდა, რომ ვიღაც მიწას დაურეგისტრირებდა და შეესივნენ გომისმთას. ჩვენთან ეს ყველაფერი დაკავშირებულია წინასაარჩევნო მანიპულაციებთან. გადავხედოთ, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი. აქტივობას დააკვირდით! აქტივობა იწყება სულ წინასაარჩევნო პერიოდში. ხალხს მინიშნებებს აძლევდნენ. თქვენ იცით, რომ არჩევნების წინ მაღალი თანამდებობის პირები არ დადიან ხალხში ლიდერის გასაცნობად. კოორდინატორები დადიან და ესენი რა ინფორმაციასაც ავრცელებდნენ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა მერე ეს ყველაფერი. ამიტომ, ეს იმედები რომ ჰქონდათ, დაახლოებით, 7 500 განაცხადი შევიდა გომისმთაზე მიწის სარეგისტრაციოდ.
_ რა შეიძლება ეშველოს გომისმთას?
_ ძალიან ძნელია, რაიმეს შველა. გომისმთაზე ხელისუფლებისგან ისეა საქმე გაფუჭებული, იქ ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. იმიტომ, რომ იქ, ეს ხალხი უკაცრიელ კუნძულზე ხომ არ მოქმედებდა, ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. ამას, მე თუ მკითხავთ, სჭირდება სერიოზული, კომპლექსური გამოძიება, დამნაშავეების დადგენა სჭირდება, რადგან იქ, ჩემი აზრით, სერიოზულ დანაშაულს აქვს ადგილი. სახელმწიფო ვალდებულია, ამ მოტყუებული ხალხის ინტერესები, რაღაც ფორმით გაითვალისწინოს და არა ისე, როგორც ახლა მიადგნენ და სასამართლოს და პროკურატურის ძალით ქონებას ართმევენ უკან. საჯარო რეესტრის მონაცემები რომ ნახოთ, 300-ზე მეტი ქონება თაღლითობის მუხლით არის ჩამორთმეული! ერთ რამეს მინდა, დააკვირდეთ _ ჩვენთან ზოგადად წახალისებულია უკანონობები! 2007 წელს გამოვიდა მიწაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კანონი, ანუ 2007 წლამდე, სანამ ეს კანონი გამოვიდოდა, თუ ვინმეს ჰქონდა უკანონოდ მიტაცებული მიწა, ეს იყო სამართალდარღვევა. მერე კი მისი, ანუ დამრღვევის საკუთრება გახდა! ესე იგი, წესიერი ადამიანი, ვინც ეს არ გააკეთა, უფრო დაჩაგრული გახდა. მასაც ხომ შეეძლო, მიეტაცებინა?! ანუ ზოგადი პრინციპები ასეთია და ხალხმა იცის – ვინც მოიტყუა, შერჩა! როცა სახელმწიფოს და ხალხს ასეთი ურთიერთობა აქვს, ერთ დღეს ყველაფრის უფლება მისცა, ხალხმა ააშენა და სახელმწიფომ ყურადღება არ მიაქცია, ახლა ამ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ყველაფერი. ეს ხალხი, ვინც ეს უკანონო მშენებლობა აწარმოა, მათი ყველა ქმედება გათვალისწინებული იყო ხელისუფლების პროვოცირების შედეგად. რომელიღაც საარჩევნო სუბიექტმა კი მიიღო სარგებელი. ახლა ყველას არ ჰყავს პირადი იურისტი, რომ ყველაფერში გაერკვეს. ერთ დღეს კი მივიდა ეს ხელისუფლების წარმომადგენელი და უთხრა, რომ ეს უკანონობაა და ართმევს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება ხალხთან! _ გვითხრა კახა ჩავლეშვილმა.
მარინა ჩიხლაძე,
ლისა კოროშინაძე,
გიორგი გირკელიძე