კომპანია „ზეგის“ გენერალური დირექტორის, თამარ კობერიძის გამოკითხვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გუშინ გვიან ღამით დასრულდა. ამ კომპანიაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
გამოკითხვის შემდეგ კომენტარი კომპანიის ადვოკატმა, ქეთევან მირიანაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, კომპანია„ზეგი“ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მათ ნებისმიერ კითხვას სცემს პასუხს. გამოძიებას სხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებდა, თუ კონკრეტულად რომელ პროგრამაზე მუშაობდა ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი.
კომპანიის ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ გაიხსნას თამარ ბაჩალიაშვილის როგორც პირადი ლეპტოპი, ისე სამსახურის კომპიუტერი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.