,,ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 5 წელი უსრულდება. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს განვლილ პერიოდს მმართველი გუნდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ,,ქართული ოცნების“ ხუთწლიან მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გია ვოლსკის ვესაუბრეთ.
– ჯანდაცვის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. რა ფორმით ემხრობით ნარკოტიკების დეკრიმინალიცაზიას?
-ვფიქრობ, ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანს მკურნალობა და მოვლა სჭირდება, ხოლო ნარკოტიკების გამავრცელებელი ადამიანების მიმართ ძალიან მკაცრი ზომები უნდა გატარდეს. მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 70 გრამამდე მარიხუანას დეკრიმინალიზაციას გულისხმობს, არასწორია, რადგან 70 გრამამდე მარიხუანას მოხმარება ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებას გამოიწვევს. ადამიანი, რომელიც 70 გრამამდე მარიხუანას ჯიბით ატარებს, წარმოუდგენელია, მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებდეს მას. გარკვეულ პრინციპებზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ არსებობს რაოდენობაში, ვადებში აზრთა სხვადასხვაობა. ასე, რომ ეს თემა უფრო სიღრმისეულად გასაანალიზებელია. დღეს მედია სკანდალურ თემებზე უფრო არის ორიენტირებული, ვიდრე თემის სიღრმისეულად განხილვაზე. ზოგიერთ მედიასაშუალებას აწყობს აქციები და დაძაბულობა, რაც სამწუხაროა.
– 22-24 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი განხორციელდა, თუმცა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები ადამიანის უფლებების ხელყოფის შესახებ. როგორ აფასებთ შსს-ს მიერ ორგანიზებულ საპოლიციო კონტროლს?
-არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა კრიტიკისკენ მიმართული უნდა იყოს, მაგრამ სიღრმისეული ანალიზი აკლია თემის განხილვას. ე.წ. საპოლიციო რეიდებს პრევენციის სახე ჰქონდა, მაგრამ წინ უძღოდა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია. საპოლიციო რეიდების შედეგად გამოაშკარავდნენ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარდნენ, იარაღს უკანონოდ ატარებდნენ და სახელმწიფოს მიერ ძებნილი, დამნაშავე პირები იყვნენ. ჯერ, რომ გაგვეანალიზებინა შედეგები, რომელსაც საკმაოდ წარმატებული სახე ჰქონდა და მერე გვეთქვა, რა ნაკლოვანებები გააჩნია ასეთ ღონისძიებებს, უკეთესი იქნებოდა. რასაკვირველია ე.წ. საპოლიციო რეიდები არ არის მეთოდი, რომელსაც სახელმწიფო მუდმივად მიმართავს, მაგრამ კარგი იქნება თუ ქვეყანაში ასეთი ღონისძიებები განხორციელება. რაც შეეხება ცალკეულ გამოვლინებებს, არც ერთი შემთხვევა რეიდების დროს არ დაფიქსირებულა. პოეტ ზვიად რატიანის საქმეც რეიდების თემას მიაწერეს, რაც არასწორია.
-,,ქართული ოცნების“ პირობებში საზოგადოება ხედავს როგორ ვუახლოვდებით ევროპას, თუმცა დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობები აღდგებოდა რა ეტაპზეა?
-ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა გვესახება სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. გარკვეული ბაზა უნდა მომზადდეს პოლიტიკური საკითხის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, ეს შეიძლება შორეული პერსპექტივა იყოს, მაგრამ ერთადერთი რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა ჩვენ გარკვეულ ფორმატში, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებებს, ურთიერთობებს არ ვწყვეტთ. ჩვენ ვართ მსოფლიო გლობალური მასშტაბის დაპირისპირების ერთ-ერთი სეგმენტი, რაც მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არ გამოიხატება. მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე წამყვანი ქვეყნებისთვის დაპირისპირება საკმაოდ თვალნათელია.
საქართველოს პროდასავლური კურსი არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. მხოლოდ საქარტველოზე არ არის დამოკიდებული ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება. აბსოლუტურად გაუგებარი და გულუბრყვილოა სხვა ოპონენტების მტკიცება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ამ ვითარებაში შეგვიძლია, არ გავითვალისწინოთ საერთაშორისო მდგომარეობა. რუსეთიც არ არის იქ ქვეყანა, რომელიც სიყვარულით მოქმედებს. მას გააჩნია პრაგმატული ინტერესები, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ რეალობას არ ემთხვევა.
-5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის ძირითადი სადავეები თქვენმა გუნდა აიღო ხელთ. როგორ შეაფასებდით ,,ქართული ოცნების“ მუშაობასა და თქვენი გუნდის მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას?
-ქვეყანაში პრობლემები არსებობს და კარგია, რომ ხელისუფლება ამას ხედავს. ოპონენტების მთელი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ ხალხს დაანახონ თითქოს ხელისუფლება რეალურ ანალიზს ვერ აკეთებს და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, რაც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სამწუხარო მხარეა. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა მცირედით მაინც გაუმჯობესდა. კერძოდ, მოხდა ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების ზრდა. მართალია, ამას მასიური სახე არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენციად იქცა ინვესტიციისა და ექსპორტის ზრდა. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციამ მიიღო ძალიან მკვეთრი მონახაზი, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ იმას, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს სტაბილურობითა და უსაფრთხოებით, რაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის მიმართ მათმა ინტერესებმა და სენტიმენტალურმა სიყვარულმა. ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემატა ჩინეთი, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, ჩვენ პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ევროკავშირთან ერთად ჩინეთთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მუშაობს, იგივე ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება ინდოეთთანაც. ეს არის ქვეყნის გადარჩენის ყველაზე მძლავრი მექანიზმი. საგარეო მიმართულებებით საგრძნობი დაახლოვება მოხდა ევრო სტრუქტურებთან, რაც ასევე წინაპირობაა ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების. რაც შეეხება, საკანონმდებლო სფეროს, აქ გამოვყოფდი კონსტიტუციას, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტით დაცული, საერთაშორისო დონის კანონია.