ზაფხულის დადგომასთან ერთად ქვეწარმავლებიც აქტიურდებიან და სოფლების გარდა, თბილისის სხვადასხვა უბნებშიც შეიმჩნევიან. არსებობს, როგორც შხამიანი, ასევე, უშხამო სახეობის გველები.
დედამიწაზე გველების 3000-მდე სახეობაა ცნობილი, რომელთაგან თბილისში და მის გარშემო 10-12 სახეობა გვხვდება.
რა ვითარებაა საქართველოს დედაქალაქში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, თბილისის რომელ უბანში უფრო მეტად ჩნდებიან ისინი, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა თუ ქვეწარმავალს დაინახავს _ ამ საკითხებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ესაუბრა.
როგორც გვითხრეს, ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახებები მაისიდან ივლისის ჩათვლით ხშირია.
„მაისში, ივნისში და ივლისში ხშირია გამოძახებები. ჩვენმა მაშველებმა 2017 წლის მარტში _ 3, აპრილში _ 16, მაისში _ 79, ივნისში- 134, ივლისში- 87 და აგვისტოში- 50 გველი დაიჭირეს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მარტში _ 3, აპრილში _15 და მაისში _ 100. გასული წლისა და წლევანდელ მაისის მონაცემებში სხვაობაა, თუმცა, ეს ცვლილება საგანგაშო არ არის“,_ ამბობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
მათივე თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა მოსახლეობის მიერ ქვეწარმავლის შენიშვნის კრწანისში და დიდ დიღომშია, თუმცა, ამ სეზონზე შხამიანი ქვეწარმავლები ჯერ არ აღმოუჩენიათ.
„უფრო მეტი შემთხვევაა კრწანისსა და დიდ დიღომში. ამ სეზონზე შხამიანი ქვეწარმავლები, ჯერჯერობით, არ შეგვხვედრია. ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოსახლეობა მას უნდა მოერიდოს და დარეკოს 112-ში“, _ ამბობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.