დღეისთვის, ოზურგეთში თხილის მიმღებ პუნქტებში, თხილის ფასის ირგვლივ კვლავ ახალი მიდგომაა. ამჯერად, თუ ცოტა რაოდენობის თხილს ჩააბარებ, მხოლოდ ათ ცალს ტეხენ და ამის მიხედვით იხდიან მასში 40 თეთრს. ანუ, თუ ათი თხილიდან ათივე საღია, ერთ კილოგრამში ოთხ ლარს გადაგიხდიან.
კითხვაზე, ასი კილოგრამი ჩაბარებული თხილიდან, შემოწმების მიზნით გატეხილი 50 ცალი თხილი საღი თუ იქნება, ერთი კილოგრამში 20 ლარს გადაიხდიან? – სასაცილოდ არ ეყოთ და ასეთი ფორმულირება გააკეთეს: ათი ცალის ვარგისიანობა მხოლოდ ცოტა რაოდენობის ჩამბარებელზე ჭრის, ხოლო უფრო ზევით, პროცენტებით გამოიყვანება და ერთი კილოგრამის ფასი, საშუალოდ, ოთხ ლარს ნაკლებად ასცდება, ისე კი, 50 ცალი თხილიდან ყველა ვარგისი არცერთ შემთხვევაში არ იქნებაო.
აღსანიშნავია, რომ „გურია ნიუსი“ ახლახან სწორედ ამ მიდგომებზე წერდა, თუ როგორ უხდიდნენ ყველას ერთნაირად ერთ ცალ თხილში 30 თეთრს, 10 კილოგრამს ჩააბარებდა თუ ორმოცდაათს. მცირე წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ათიოდე კილოგრამის ჩამბარებელ ადამიანს თუ ათი ცალია გატეხილი, ოთხ ლარამდე თანხას გადაუხდიან და სხვა პრპცენტით აღარ უანგარიშებენ.
გურულები ამ ფაქტთან დაკავშირებით ხუმრობას მაინც ახერხებენ _ ისევ ათ-ათ კილოგრამ თხილს წამოვიღებთ ჩასაბარებლად და ასე უფრო მოგებას ვიქნებითო.