ცუდი დიეტები და არაჯანსაღი კვება უფრო მეტად მომაკვდინებელია, ვიდრე თამბაქოს წევა. ამის შესახებ EURONEWS კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მკვლევარებმა 195 ქვეყნიდან დიეტების 20 წლის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩინეს, რომ 2017 წელს 11.7 მილიონი ადამიანი არაჯანსაღი დიეტის შედეგად დაიღუპა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი მკვლელი მარილია, რომელმაც 3 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
11 მილიონიდან კი 10 მილიონი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დაიღუპა.
2 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხილის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ხოლო 3 მილიონის კი მარცვლეულის ნაკლები მოხმარება გახდა.
მარილთან დაკავშირებული სიკვდილიანობით, უზბეკეთი, იაპონია და ჩინეთი გამოირჩევიან.
გარდა ამისა, გულსისხლძარღვთა დაავადებით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში იღუპება, ( 100 000 ადამიანიდან 299), ასევე მაღალია დიეტასთან დაკავშირებული სიმსივნით დაღუპვის შემთხვევები (100 000 მოსახლეზე 42 შემთხვევა).
ხოლო ესპანეთში, თურქეთში და ბანგლადეშში დიეტასთან დაკავშირებული ყველაზე ცოტა გარდაცვალება ხდება.
კვლევის ავტორების თქმით, ჯანსაღი საკვების ნაკლები და არაჯანსაღი საკვების ხშირი მიღება მრავალ ქვეყანაში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი ხდება.
„ხალხი-ასაკის, სქესის, მოქალაქეობის და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ცუდი დიეტური ჩვევებისგან ზარალდებიან“, _ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკებისა და შეფასების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი, აშკან აფშინი.