გასულ კვირას, 2018 წლის ქვეყნის საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მქონე ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა სტაბმულში გამართულ პედაგოგთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ლადო თურქეთში ფინელ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა და გამოცდილებას აფხაზ და ოს კოლეგებს უზიარებდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი არასამთავრო ორგანიზაციის ინიციატივით, მესამე წელია კონფერენცია იმართება, სადაც ხდება კონფლიქტური ზონებიდან წარმოდგენილი პედაგოგების საქმიანი შეხვედრა, რომელიც ხელს უწყობს ამ ადამიანებს შორის ურთიერთობების დალაგებას, აღდგენას. პირველ წელს ამ შეხვედრას სომხეთის დედაქალაქმა უმასპიძლა, მეორედ ფინეთმა, წელს კი ასეთი ნეიტრალური შეხვედრის ადგილად სტამბული შეირჩა.
უკვე გლობალური მასშტაბით ცნობილ ლადო აფხაზავასთან შეხვედრა მოულოდნელი გამოდგა კონფერენციაზე წვეული პედაგოგებისათვის და მისი პერსონის უკეთ გასაცნობად BBC-ის ცნობილი ფილმის ჩვენება მოეწყო. ამის შემდეგ კი უშუალოდ კონფერენციის მთავარი მიზნის ჯერი დადგა, რომელიც აფხაზი და ოსი პედაგოგებისთვის ქართული რეფორმატული გამოცდილების გაცნობას ისახავდა მიზნად.
„კონფერენციაზე აფხაზ და ოს კოლეგებს გავაცანით ის პროექტები, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა, მოსწავლეებთან ერთად განვახორციელეთ წლების განმავლობაში და საერთაშორისო აღიარებაც მოვიპოვეთ. მათ ვერ წარმოედგინათ ასეთი მიდგომებით შედეგის მიღწევა და ნანახით ძალიან კმაყოფიელბი დარჩნენ. გაიმართა დიდკუსია, რომელიც სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ყველა კითხვაზე მათ ამომწურავი პასუხი მიიღეს“, _ გვითხრა ლადომ და ისიც დასძინა, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რათა მოხდეს ამ ადამიანებთან ინტეგრაცია და გარკვეული დიალოგის დაწყების მცდელობა უფრო მაღალ დონეზე.
„კონფლიქტური ზონებიდან წარმოდგენილ კოლეგებთან შეხვედრა საკმაოდ სენსიტიური დატვირთვის მატარებელი იყო, მაგრამ დიალოგმა და ურთიერთობამ, ეს უხერხული მომენტები გვერდზე გადასწია. თუმცა, გარკვეული ხიდჩატეხილობა მაინც იგრძნობოდა, განსაკუთრებით უფრო ახალი თაობის წარმომადგენელი პედაგოგებისგან. ამიტომაც ყველა ვცდილობდით, რომ ამ კუთხით ნაკლები გვესაუბრა და საქმეზე გაგვეკეთებინა აქცენტი. გასაგებია, ძალიან რთულია აღდგენა იმისა, რაც ადრე იყო, ისიც გვესმის, რომ ჩვენ, პედაგოგები ამ იარებს ვერ მოვაშუშებთ და ამისთვის სულ სხვა რანგის დიალოგებია საჭირო.
აღსანიშნავია, რომ აფხაზი წარმომადგენლების წუხილი იყო ის, რომ მათი ენა, რაც დრო გადის, მით უფრო იკარგება და რუსული ენის გავლენა მძლავრობს. თუმცა, ამაში ისინი, გარკვეულწილად, ქართულ მხარესაც ადანაშაულებენ იმ არაღიარების პოლიტიკის გამო, რასაც ქართული მხარე აწარმოებს. თუმცა, ეს საკითხი იმდენად მტკივნეულია მათთვის, უჭირთ რაიმეს გადაჭრით თქმა. ერთი კი არის, რომ მათ არ სურთ საქართველო ისევ რუსეთის მარწუხებში მოექცეს, ვინაიდან შიშობენ, რომ ამ შემთხვევაში ისევ მოხდება საქართველოსა და აფხაზეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება და აფხაზური თვითმყოფადობის სამუდამოდ დაკარგვა“, – ამბობს ლადო აფხაზავა.