მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მისი ეს ინიციატივა საკანონმდებლო პაკეტად იქცევა.
„ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის სრულად გაზრდა 100%-მდე. ანუ მოსახლეს, რომელსაც ექნება გაჭირვება, მას დამატებითი სახსრების მოძიება პრაქტიკულად აღარ დასჭირდება და იმ ზედა ზღვარის ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო მთლიანად გვერდით დაუდგება ამ ადამიანებს“ _ განაცხადა ლადო კახაძემ.
მისი თქმით, მეორე ინიციატივა ეხება ურთულეს გამოწვევას – ქრონიკულ დაავადებას.
„ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ სახელმწიფომ შესანიშნავი – მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა შექმნა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. დღეს საუბარია, 6 ნოზოლოგიაზე და 35 მედიკამენტის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს თანადგომით. წინადადება, რომ გაფართოვდეს ეს პროექტი აღქმულია დადებითად და მხარდაჭერილია, აქაც გულით და სულით მადლობას ვეუბნები იმ ძალას, რომელსაც ჰქონდა სურვილი, რომ მე ვყოფილიყავი თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი“ – განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან უჭირდა, არსებულმა ხელისუფლებამ დიდი როლი შეასრულა.
„არსებულმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ დროს, როდესაც ძალიან უჭირდა საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელსაც მე წლებია ვემსახურები – ჯანდაცვის სფეროში. ისეთი დიდი ნაბიჯის გადადგმა, როგორიც იყო ხელის გაწვდენა იმ ადამიანებისათვის, ვისაც თავის გამოსავლის ძიებაში საკუთარი რესურის არ ჰყოფნიდა – საქართველოს ხელისუფლება იქ დადგა.
იქ დადგა აღმასრულებელი ხელისუფლება, კანონმდებელი და რაც მთავარია, ადამიანთა განწყობა, რომ ჩვენ თუ გადავრჩებით, ყველანი ერთად გადავრჩებით და ღირსეულად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და იმ დროისათვის ეს იყო ჟანგბადი, ამოსუნთქვა, გადარჩენა. დიახ, ეს წარმატებით განხორციელდა და ადამიანებმა ირწმუნეს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას, მათ ზურგს არასდროს შეაქცევს და პირიქით, გაჭირვებაში გვერდით დაუდგება ყოველთვის“ _ განაცხადა ლადო კახაძემ.