რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი საქართველოში და მათ შორის, ლანჩხუთშიც 9 მაისს აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და მხარის რწმუნებულმა ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ლანჩხუთელ ცოცხალ ვეტერანს, 96 წლის კარლო თავაძეს სახლში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
„გამარჯვების დღე მივულოცეთ ჩვენ მუნიციპალიტეტში დარჩენილ ერთადერთ ცოცხალ ვეტერანს. მინდა ვუსურვო მას მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. სწორედ მისი და მისი მეგობრების დამსახურებით მოხდა ფაშიზმის დამარცხება და მადლობა მათ შეუპოვარი ბრძოლისთვის“, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანს 1000 ლარი და საჩუქრები გადასცა, რომელსაც 1000 ლარი ასევე მთავრობის განკარგულებით გადაეცემა. დღესვე ლანჩხუთში, ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა განახლებული მემორიალი გაიხსნა.