ხალხთან ნაკლები კომუნიკაცია, კოჰაბიტაცია, დაუსჯელების სინდრომი და დავიწყებული მხარდამჭერები _ ესაა ძირითადი მიზეზები, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების პირველი ტურის წაგებას უკავშირებს.
თუმცა, განსხვავებული ვერსია აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ალექსანდრე სარიშვილს, რომელსაც ოპოზიციამ, ჯამში, მის მშობლიურ სოფელში თითქმის სამასი ხმით მოუგო.
სარიშვილი არჩევნების წაგების ერთ-ერთ მიზეზად სტიქიას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ჩოჩხათის იმ უბანში, სადაც ის ცხოვრობს, არჩევნების მოგება შეძლო:
_ ჩოჩხათი არ წაგვიგია. იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, მოვიგეთ. კარგი შედეგი დავდეთ. ორ უბანში კი ნამდვილად იყო ცუდი შედეგი.
_ ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგიჭირეს თანასოფლელებმა მხარი?
_ საერთო ჯამში მოვიგეთ…
_ ჯამში ოპოზიციამ გაჯობათ და ამიტომ გეკითხებით _ თუ გაქვთ გაანალიზებული მიზეზები, რას აბრალებთ წაგებას _ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ცუდ მუშაობას?
_ რა ვიცი, ბევრი სხვადასხვა პრობლემაა. განსაკუთრებით სტიქია, რომელმაც ყველაზე მეტად ჩოჩხათზე იმოქმედა _ ცხრა თუ ათი ხიდია, რომელიც დღეს სოფელს აღარ გააჩნია. იყო ამასთან დაკავშირებით პრობლემები. ასევე, პრობლემაა ფაროსანაც…
_ გინდათ გვითხრათ, რომ არჩევნების წაგება სტიქიის ბრალია?
_ უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით იმ კონკრეტულ უბნებში ნამდვილად იყო და, ალბათ, ადგილობრივმაც, ჩვენც მივაკელით რაღაც და ესაა ყველაფერი.
_ გამოსწორებას როგორ აპირებთ?
_ ხალხთან ურთიერთობით.
_ ამდენ ხანს არ გქონდათ ურთიერთობა?
_ კი, როგორ არა.
_ მაშინ თქვენი კომენტარი როგორ გავიგოთ?
_ კიდევ უფრო ახლო და მჭიდრო ურთიერთობით ვაპირებთ შედეგის გამოსწორებას. ასევე, ხალხის არჩევნებზე მოსვლით და .აშ.
_ 10 ხიდის გაკეთებას აპირებთ არჩევნებამდე?
_ ნამდვილად ვერ გავაკეთებთ ხიდებს წელს. თანხების მოზიდვაზე ვმუშაობთ, რომ სამომავლოდ დავიწყოთ მუშაობა.
_ ბატონო ალექსანდრე, ამბობთ რომ უფრო ახლოს უნდა მიხვიდეთ მოსახლეობას. ამდენ ხანს რატომ არ გააკეთეთ ეს?
_ ვმუშაობდით 24 საათის განმავლობაში. თუ კონკრეტულად ჩოჩხათზე გაქვთ აქცენტი, ალბათ, მე მქონდა ნაკლები ურთიერთობა მოსახლეობასთან. შეიძლება უფრო მეტად ვიყავი ლანჩხუთში და სხვა სოფლებს უფრო მეტი ყურადღება მივაქციე. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი.
_ სხვა სოფლებს თუ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდით, იქაც როგორ წააგეთ? მაგალითად ნინოშვილში, სადაც ოპოზიციამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა?
_ ზოგადად ვამბობ, რომ ეგებ ესეც არის პრობლემა და ყველაფერმა ერთად გამოიწვია ასეთი შედეგი. თუმცა, ამ ეტაპისთვის ლანჩხუთში აღებული 47 პროცენტზე მეტი არც თუ ცუდი შედეგი იყო. უკეთესს ველოდი, თუმცა, ახლა იქნება უკეთესი შედეგი ჩოჩხათშიც და სხვა სოფლებშიც.