ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს მისი წარმომადგენლებისთვის თანაშემწეები დამატება სურს _ აღნიშნულ საკითხზე საკრებულომ ამ დღეებში უნდა იმსჯელოს.
მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, შტატების დამატების გადაწყვეტილება, სამ სოფელში, წარმომადგენლების მოთხოვნის შემდეგ მიიღო:
_ შარშანაც ჰქონდათ ჩემს წარმომადგენლებს ამის სურვილი, მაგრამ ბიუჯეტი არ გვაძლევდა საშუალებას და ვერ დავამატეთ. წელს, ჩავსვით, რადგან ამის აუცილებლობა დადგა. საკრებულოზე უნდა განიხილონ ეს საკითხი და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.
მისივე თქმით, შტატების დამატება აკეთში, ჩოჩხათსა და შუხუთში სურს:
_ აკეთი მაღალმთიანი სოფელია და ბევრი საქმეა. 2 თანაშემწე ჰყავს წარმომადგენელს და კიდევ სჭირდება ერთის დამატება. ასევეა ჩოჩხათში და შუხუთში, სადაც წარმომადგენელს ერთი თანაშემწე ჰყავს, ქალია და ვერ ეხმარება, _ გვითხრა სარიშვილმა.
_ რას ნიშნავს ნიშნავს, შუხუთში ერთი ქალია და ვერ ეხმარება?
_ ბოდიშს გიხდით. ვიგულისხმე ის, რომ წარმომადგენელს ერთი თანაშემწე ჰყავს, საქმეს ვერ უთავდება და ერთის დამატებაა საჭირო. საყანე ფართობებშია სასიარულო, რაღაცეები, რაღაცეები და ძნელია. შესაბამისად, ითხოვენ შტატის დამატებას. გამოვიტანეთ ეს საკითხი ბიუროზე, მალე საკრებულოზეც გავა და რა არის ამაში დანაშაული? თუ საკრებულო ამას არ ჩათვლის სწორად, არ დაუჭერს მხარს.
_ ეს კი გავიგეთ, მაგრამ დისკრიმინაციული განცხადება არ არის ის, როცა თქვით, რომ ერთი ქალია და ვერ ახერხებს მუშაობს?
_ როგორ გეკადრებათ?! დისკრიმინაციული განცხადება არ გამიკეთებია.
_ თქვენ ზუსტად ასე თქვით, რომ შუხუთში თქვენს წარმომადგენელს ერთი თანაშემწე ჰყავს _ ქალბატონი, რომელიც ვერ ახერხებს მუშაობს, ვერ გადის ყანაში.
_ მასე არ მითქვამს. ვთქვი, რომ მძიმე სამუშაოები როცაა, შეიძლება ვერ მოახერხონ. საყანე ფართობებია, ბევრია სასიარულო და არ ყოფნის ერთი ადამიანი.
_ ქალებიც დადიან ყანაში, ბატონო ალექსანდრე და მამაკაცებზე არანაკლები მუშაობა შეუძლიათ…
_ ქალებიც დადიან და კაცებიც. „ვალინკებითაც“ დაინახავ ბევრ წარმომადგენელს და მათ თანაშემწეებსაც. ერთი გყავს ქალი წარმომადგენელი. რაც შეეხება შუხუთს, იქ შტატის დამატება ითხოვეს.
_ ბატონო ალექსანდრე, სხვა თემაზე გადადიხართ _ არ ფიქრობთ, რომ ბოდიში გაქვთ მოსახდელი, როცა ამბობთ, რომ შუხუთში, თქვენს წარმომადგენელს ერთი თანაშემწე ჰყავს, ქალი და ვერ ახერხებს მუშაობას?
_ ასე არ მითქვამს. ქალბატონია, არის რაღაც საკითხები და ამას შეურაცხყოფად იღებთ? მე პირიქით, პატივისცემით მივიღებ ამას.
_ რას ნიშნავს ქალბატონია, არის რაღაც საკითხები, რომელსაც ვერ ახერხებს?
_ თუ რამეს დაწერა გინდათ, დაწერეთ..
_ ვწერთ და ამიტომ გეკითხებით. რას ნიშნავს ქალბატონია და ვერ ახერხებს?
_ მასე არ მითქვამს. წარმომადგენელი ამბობს, რომ ერთი ვარ, მყავს ერთი თანაშემწე და ვერ ვახერხებ საქმეების მოლომდე მიყვანას და თუ დამიმატებთ კიდევ ერთ თანაშემწეს, კარგი იქნებაო. სულ ესაა. თქვენ თუ სხვა კუთხით გინდათ წაიყვანოთ ეს, თემა მაშინ სხვა საქმეა.
_ ზუსტად იმ კუთხით მიგვყავს, რა პასუხიც გაგვეცით კითხვებზე, რადგან ქალბატონის მიმართ თქვენი შეფასება დისკრიმინაციული იყო.
_ არ მითქვამს მაგ კუთხით. შუხუთში ჩემმა წარმომადგენელმა დასვა საკითხი, რომ დაგვემატებინა შტატი; დეპუტატმაც დაუჭირა მხარი, რომ ხელშეკრულებით მაინც დაგვემატებინა დატვირთულ პერიოდში.
_ ვის დანიშვნას გეგმავთ? თქვენი პასუხების შემდეგ რჩება იმის განცდა, რომ ეს ქალი არ იქნება.
_ შესაძლებელია, ქალიც იყოს _ რა პრობლემაა?! მაგალითად, სუფსაში, გვყავს წარმომადგენელი, მისი სამი თანაშემწე და აქედან ორი ქალბატონია; სუფსა კი ყველაზე დიდი სოფელია მუნიციპალიტეტში, _ გვითხრა სარიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი, კახა ასკურავა ამბობს, რომ მერს დასანიშნი პირები უკვე შერჩეული ჰყავს:
_ ეს ის შემთხვევაა, როცა ამ თანამდებობებს უკვე აქვს კონკრეტული სახელი და გვარები. თუ ასაბუთებენ საჭიროებით, მაშინ გამოაცხადონ ვაკანსია, კონკურსი და ყველა მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ კონკურსს ვერ გამოაცხადებენ, რადგან პოლიტიკური ნიშნით უკვე შერჩეული ჰყავთ კადრები. უბრალოდ, კანონის თანახმად, საკრებულოს თანხმობა სჭირდებათ, რომ ხელშეკრულებები გააფორმონ, რადგან მათ ლიმიტი ამოწურული აქვთ, _ გვითხრა ასკურავამ.