ლანჩხუთის საკრებულოში, სადაც 32 სადეპუტატო მანდატიდან ოპოზიციას მხოლოდ ხუთი აქვს ( ორ-ორი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ერთი კი „პატრიოტთა ალიანსი“) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები და „პატრიოტთა“ კვოტით გასული დეპუტატი, ლელა ჩახვაძე ფრაქციის შექმნას გეგმავენ.
ინფორმაციას ფრაქციის შექმნის თაობაზე „გურია ნიუსთან“ საუბარში ადასტურებს როგორც “პატრიოტი” ლელა ჩახვაძე, ასევე „ნაციონალების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი კახა ასკურავა.
მათი ინფორმაციით, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონსულტაციები ატიურ ფაზაში მიმდინარეობს.
„გვაქვს უკვე მონახაზი და აქტიურად მიდის ამ საკითხზე საუბარი. ეს არ იქნება პარტიული კუთვნილებასა და შეხედულებებზე ორიენტირებული ფრაქცია. ჩვენი წესდება და პლატფორმა გათვლილი იქნება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, მხოლოდ ადგილობრივი პრობლემებისა და საკითხების გადაჭრის მიზნით. ფრაქციის შექმნის მიზანია, რომ ოპოზიციას ადგილი ქონდეს ბიუროში, რაც ზემოქმედების მეტ ბერკეტსა და შესაძლებლობას იძლევა“, -ამბობენ მომავალი თანაფრაქციელები.
ლელა ჩახვაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობასთან.
„ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრების პირველივე დღეს მივიღე კოლეგებისგან შემოთავაზება შეგვექმნა ფრაქცია. უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ამაზე. საქმის კურსშია და გადაწყვეტილება შეთანხმებულია პარტიის ხელმძღვანელობასთან. ვინაიდან ეს არ იქნება პარტიული ფრაქცია და მხოლოდ თვითმართველობის დონის პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული, რაც მკაფიოდ და ნათლად იქნება გაწერილი ჩვენს წესდებასა და პლატფორმაში, ამიტომ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.
ამასთან, კახა ასკურავას სუფთა წარსული და პიროვნება თამამად მაძლევს საშუალებას მივიღო მსგავსი გადაწყვეტილება. სხვათაშორის, ანალოგიური შემოთავაზება ცემთვის მისარები იქნებოდა ამირან გიგინეიშვილისგან, რომელიც საკრებულოში „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს”, -ამბობს ჩახვაძე.
სხვათაშორის, ლანჩხუთში „ნაციონალებისა“ და „პატრიოტების“ გზები რამდენიმე თვის წინაც გადაიკვეთა, როცა წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა და „ნაციონალების“ თანაფრაქციელმა ელგუჯა ჩხაიძემ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ „პატრიოტთა ალიანსში“ გადაინაცვლა. თუმცა, ჩხაიძეს „პატრიოტებიდან“ წამოსვლა რამდენიმე დღეშივე მოუწია. როგორც მაშინ თავად ამბობდა, ამის მიზეზი პარტიაში ლელა ჩახვაძის მოსვლა გახდა.