დღეს, ლანჩხუთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ სარკინიგზო გადასასვლელის პიკეტირება მოაწყო. შეკრებილები ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის კუთვნილი მძიმეწონიანი ავტომანქანების მოძრაობას აპროტესტებდნენ.
„ჩვენ გუშინ საღამოსაც ვიყავით შეკრებილები. დაგვპირდნენ, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. ჩვენც იმედიანად დავიშალეთ, გზის პიკეტირება აღარ მოგვიხდენია, მაგრამ დღეს დილიდან ისევ ძველებურად გაგრძელდა ყველაფერი. ჩვენც ვიცით, რომ გზაზე მანქანებმა უნდა იარონ, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები. კეთილი ინებონ, მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი.
აქ ნიშანი იყო თუ რომელი მხრიდან უნდა ევლო ავტომობილებს, მაგრამ ისიც არსად ჩანს. ისედაც მონური ცხოვრება გვაქვს და ეს უბედურება კიდევ ზედ დამატებული. მძღოლებს რომ ვუთხარით, მეორე მხრიდან რატომ არ დადიხართო, გვიპასუხეს, გზა არის ცუდი და საბურავს ვერ გავაფუჭებთო“, _ ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები, რომელთა მონათხრობითაც ავტობანზე მომუშავე მანქანები ქუჩაში საკმაოდ მაღალი სიჩქარით დადიან და გარშემო მტვერის კორიანტელს აყენებენ.
„სახლში შვიდი თვის ბავშვი მყავს, გარეთ ვერ გამომიყვანია, ისეთი მტვერი დგას ირგვლივ. ახლა მეუბნებიან, რომ შენი სახლის წინ მანქანა არ დადისო. ეს ტყუილია. მთელი ღამის განმავლობაში დადიან მანქანები და ყურადღებას არავინ გვაქცევს“, _ ცხარობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოსახლეობასთან მალე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს გზის გახსნა მოთხოვეს: „გასაგებია თქვენი მოთხოვნა, მაგრამ გზის პიკეტირება კანონდარღვევაა“.
აქციაზე მისული ლანჩხუთის პოლიციის უფროსი დავით წულაძე შეკრებილებს შეჰპირდა, რომ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება შედგებოდა და ქუჩაზე დააყენებდნენ ამკრძალავ ნიშანს, რომ მანქანებს მაღალი სიჩქარით ვეღარ ევლო.
„როცა ამკრძალავი ნიშანი იქნება, პირობას გაძლევ, ვინც დაარღვევს, პირადად დავაჯარიმებ. თან სპეციალური გადასასვლელები გაკეთდება და ბუნებრივია, ისიც უზრუნველყოფს სიჩქარის დაკლებას.
ჩინური კომპანიის წარმომადგენელის მხრიდანაც გვაქვს პირობა, რომ გზები აუცილებლად მოირწყვება“, _ უთხრა აქციაზე შეკრებილებს წულაძემ.
აქციის მონაწილეებთან ჩინური კომპანიის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომელთა თქმითაც, მანქანების კონტროლი მათ ფუნქციებში არ შედის, მაგრამ მოსახლეობის გულისტკივილს მიიტანენ შესაბამის კომპანიაში და საკითხი მოგვარდება.
ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძეც იმყოფებოდნენ.
როგორც შეკრებილებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა უთხრა, მას ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად ჰქონდა შეხვედრა მთავრობაში.
„მინისტრის დონეზე მქონდა საუბარი რამდენიმე დღის წინ. ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც მოსახლეობას სურს. ეს გზა მარტო ჩვენი არ არის, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი მის მშენებლობას.
რაც შეეხება ასფალტის საფარის გაფუჭებას, აქ ასფალტი ჩემი გამგებლობის პერიოდში დაიგო, ბევრი ვიწვალე, რომ ეს თანხა მომეძიებინა და გავაკეთე. ნამდვილად არ მესიამოვნება, თუ ის გაფუჭდება. როგორც ვხედავ, უკვე ფუჭდება. 10 დღე მომეცით ვადა და ამ ათ დღეში ეს მოგვარდება. სადაც გზა გაფუჭდება ჩინური კომპანია მას აღადგენს. ამის ვალდებულება აქვს მათ.
გზებიც მოირწყვება, რომ მტვერმა არ შეგაწუხოთ. სიჩქარის დაკლებასაც შევძლებთ. ასე რომ, ის საკითხები, რაც თქვენ გაღელვებთ, მოგვარებადია. ახლა კი გთხოვთ, მანქანებს მოძრაობის საშუალება მივცეთ და სახლებში წახვიდეთ“, _ მიმართა ურუშაძემ აქციის მონაწილეებს, რომელთაც გამგებელს საყანე ფართობებთან დაკავშირებული პრობლემაც შეახსენეს.
„ეს გზა კარგი მაგრამ, აქედან ნახევარ კილომეტრში ძალიან ცუდ მდგომარეობა გვაქვს. ჩინური კომპანია უკვე შემოსულია საყანე ფართობებში და ხალხი ყანების დახვნას ვერ ახერხებს, რადგან საქონლისგან ტერიტორიის დაცვა შეუძლებელი იქნება. 60 მეტრი ღობე აღებულია და საყანე ფართობების დაცვას ვერ ვახერხებთ საქონლისგან. ხალხი მშიერი დარჩება“, _ ამბობდა მოსახლეობა.
გამგებელის თქმით, ის ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც შეხვედრას 30 მაისისთვის გეგმავს.
„ორშაბათს ჩამოვლენ ჩემთან და ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ მათ წინაშე. კარგი ქენით, რომ საქმის კურსში ჩამაყენეთ, აუცილებლად მოვიკვლევ ამ საკითხს“, _ თქვა გამგებელმა და აქციის მონაწილეებიც, პრობლემების დროულად მოგვარების იმედით, დაიშალნე.
„ისეთი სიტყვები გვითხრეს, რომ არ დაიჯერო, ძნელია. თუმცა, აქვე ვაფრთხილებთ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, აქცია უფრო მასშტაბური იქნება და ეს არავის მოეწონება“, _ ამბობდნენ ისინი.