ლანჩხუთში, მანქანათმშენებლობის კოლეჯის ყოფილ ტერიტორიაზე, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი საქმეა. ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, აკადემიის პროექტი, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარამდეა, უკვე მზადაა.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ გვიმბალაურში მდებარე, ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე N1 შენობა-ნაგებობის 1322,1 კვ.მ. ფართიდან 827,2 კვ.მ. ფართი და 5 შენობა (მათ შორის სტადიონის) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ 2017 წელს გადასცა ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას. სწორედ ამ სკოლის ბაზაზე უნდა კეთილმოეწყოს საცხოვრებელი კორპუსი და არსებული სტადიონი. ასევე, დამატებით უნდა გაკეთდეს ხელოვნურსაფარიანი მოედანიც.
საფეხბურთო სკოლაში უკვე არსებობს თანამედროვე სტანდარტების გასახდელები და საშხაპეები და, როგორც ამბობენ, ამან დიდი წვლილი შეიტანა, რომ ფეხბურთის ფედერაციას არჩევანი ლანჩხუთზე გაეკეთებინა.
ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პროექტს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს, ასევე, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო უზრუნველყოფს ორი ასაკის ჯგუფის ყველანაირ ფინანსურ მხარდაჭერას.