დღეს, ჩოხატაურში, გაყიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანმა სადისტრიბუციო კომპანია ლობოგრუპმა, 15 შეჭირვებულ ოჯახს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, საჩუქრად ბავშვის მოვლის ჰიგიენური საშუალებები გადასცა. როგორც კომპანიის დასავლეთ საქართველოს მენეჯერმა გაგა ბერეგაშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კომპანიის ხელმძღვანელმა მარიამ დუდუჩავამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო.
„დღეს მსოფლიოში რთული სიტუაციაა. ჩვენს მოქალაქეებს ისე სჭირდებათ თანადგომა, როგორც არასდროს. ამიტომ ლიბოგრუპმა გადაწყვიტა, დახმარებოდა მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ჩვენს სადისტრიბუციო ქსელში არსებული პროდუქცია სჭირდებათ. ჩოხატაურში 15 ასეთ ოჯახს გადავცემთ პამპერსსა და ბავშვის მოვლის სხვადასხვა საშუალებას. ამაში მუნიციპალიტეტის საკრებულო დაგვეხმარა _სოფლის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან შეთანხმებით, მათ მოგვაწოდეს სია, სადაც განსაკუთრებულად საჭიროებდნენ დახმარებას. მათგანვე დავაზუსტეთ რომელ ზომა პამპერსს მოიხმარდა ბავშვი კონკრეტულ ოჯახში. ჩვენი კომპანია საქართველოს ყველა კუთხეში შედის, თუმცა, ჩოხატაური განსაკუთრებულად უყვარს კომპანიის დირექტორს, ქალბატონ მარიამ დუდუჩავას, რადგან თვითონაც ჩოხატაურელია. აქ დაიბადა და გაატარა ბავშვობა. ქალბატონი მარიამის გადაწყვეტილებაა, რასაც დღეს საქართველოს მასშტაბით კომპანია აკეთებს, _ ამბობს გაგა ბერეგაშვილი.
აჭარა-გურიის რეგიონის სააფთიაქო-სამარკეტო ქსელებში ლიბო გრუპის გაყიდვების წარმომადგენელი ავთანდილ ლანჩავა ამბობს, რომ მსგავსი აქცია კომპანიამ უკვე ჩაატარა თბილისში, კახეთის რეგიონში, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, დღეს ჩოხატაურის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. მისივე თქმით, ხვალ აქცია აჭარაში გაიმართება.