ნოდარ დუმბაძის იუბილეს მიეძღვნა ლიტერატურული კონკურსი, რომელიც „ივლიტა ჯიბუტის საქველმოქმედო ფონდმა“ „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ ჩაატარა.
კონკურსში ნოდარ დუმბაძის შემოქმედების, სხვადასხვა ასაკის, ჩოხატაურელი, ოზურგეთელი და ლანჩხუთელი თაყვანისმცემლები მონაწილეობდნენ. მათგან უხუცესი _ ბაბო ტუღუში-ქართველიშვილი 81 წლისაა, კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე კეშელავა ლიზი კი _ 9 წლის.
კონკურსი 4 ეტაპად ტესტური სისტემით წარიმართა. საკმაოდ დაძაბული ტურების შემდეგ გამოვლინდა 4 გამარჯვებული.
პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ჟღენტმა დაისაკუთრა; მეორე ადგილი ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარინე ჩხიკვაძეს ხვდა წილად; მესამე ადგილზე ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მეთერთმეტეკლასელი თამარ ჩხიკვაძე გავიდა, მეოთხეზე კი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ სიხარულიძე.
კონკურსს უძღვებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ ჩხიკვაძე. კონკურსის მონაწილეთა შედეგებს კი ითვლიდა და აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ _ ჩოხატაურის სამრევლო სკოლის პედაგოგი ნანა მგალობლიშვილი და გამომცემლობა „დელფის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჩხიკვაძე, რომელმაც ფინალისტებს საჩუქრად გადასცა წიგნები:”დატუსაღებული ისტორია _ ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი, ჯანაშია” და “უკანასკნელი უბიხი _ ბაგრატ შინქუბა”.
მსმენელს საკუთარი შემოქმედება გააცნო კონკურსის მონაწილე ნორა ლომინაძე–მიქაბერიძემ.
ქართველ პოეტთა ლექსები კი ვიტალი კილასონიამ წაიკითხა.
კონკურსს მუსიკალურად აფორმებდა ქუთაისის სიმფონიური კვარტეტი.
დასასრულს, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა „ივლიტას ფონდის სახელით“ მადლობა გადაუხადა „გურია ნიუსის“ რედაქციას კონკურსის ორგანიზებაში ხელშეწყობისთვის, ასევე, ყველა მონაწილეს, გულშემატკივრებს.
მამა გიორგიმ კონკურსის ყველა მონაწილეს სიგელები გადასცა. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულებს კი ფულადი საპრიზო თანხა, შესაბამისად _ 500, 400, 300 და 200 ლარი გადასცა საჩუქრად. ასევე დასაჩუქრდნენ კონკურსის უხუცესი და ყველაზე პატარა მონაწილეები _ „ივლიტას საქველმოქმედო ფონდისგან“ მათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების კრებულები ერგოთ.
როგორც მამა გიორგიმ განმარტა, “ივლიტას საქველმოქმედო ფონდის” ლიტერატურული კონკურსი 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება და იგი ანა კალანდაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას მიეძღვნება.