,,ცოტა ხანი ვიმუშავე ლივაის მაღაზიაში, ნამეტარი მდიდარია იმსიმაგრე შარვალს კერავს, რუმ მეინდომო, ვერ დახევ, თანაც ჩასაცმავია კაი”, – წერდა უცნობი გურული მოჯირითე საკუთარ დღიურში. არა მგონია, ვინმეს ამაზე უკეთესი რეკლამა გაკეთებინოს საქვეყნოდ ცნობილი ბრენდისათვის, რომელსაც Levi’s ჰქვია.
Levi’s ჯინსი ამერიკის ისტორიის განუყოფელ ნაწილია, ის ისეთივე საცნობი სიმბოლოა, როგორც მიკიმაუსი, კოკა-კოლა ან მაკდონადლდსი. ჯინსი დიდი ხანია, რაც აშშ-ს საზღვრები გაარღვია და ჩვენი პლანეტის მილიონობით ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში ისეთი მყარი ადგილი დაიკავა, რომ ჯინსის გარეშე, ალბათ, დღეს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება წარმოუდგენელია. ყველაზე მთავარი ამ პრაქტიკულ სამოსში ის გახლავთ, რომ განსხვავებული აღნაგობის ადამიანს _ მსუქანს, გამხდარს, მაღალს თუ დაბალს უხდება და რაც მთავარია, მასში ისე გრძნობ თავს, თითქოს ის სპეციალურად შენთვის არის შეკერილი. არ გამიგია ვინმეს აუგი ეთქვას ამ სამოსის შესახებ, თუმცა მასხენდება, ასე 8-10 წლის ვიქნებოდი ,,ბარიგებისა” და ,,ინტურისტების” მეშვეობით, ნელ-ნელა რომ შემოიჭრა ჩვენს საბჭოთა სინამდვილეში ჯინსი. იმ დროს ჩემს მამიდაშვილს Levi’s ყიდვა უნდოდა და დედამისს ფული სთხოვა. მამიდაჩემმა დიდხანს ეჭვის თვალით ათვალიერა ,,რაცხა” შარვალი და შემდეგ ფასი რომ გაიგო, ამოიოხრა: ,,ნენა, რაფერ მივცე ამ ჩვარში 25 მანეთი?”
თუმცა ამ ლოკალურ ეპიზოდს არ შეუშლია ხელი ჯინსის ტრიუმფალურ სვლაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დაიწყო 1873 წლის 20 მაისს, მას შემდეგ, რაც ჯინსის შემქმნელებმა ჯეიკობ დეივისმა და ლივაი სტრაუსმა მიიღეს პატენტი #139 121.
საინტერესოა, რომ ლივაი სტრაუსი საკუთარ ნაწარმს Waist Overall-ს უწოდებდა, კალიფორნიელებმა მას Denim შეარქვეს, ეს შემოკლებულია ვარიანტია Serge de Nimes, იმ ფრანგული ქალაქის სახელწოდების მიხედვით, საიდანაც სტრაუსი ნაჭრებს ღებულობდა. ის შარვლის შესაკერად სხვა ქსოვილსაც იყენებდა, რომელსაც Gენეს ერქვა. ეს ფრანგული სიტყვა წარმოქმნილია ქალაქ გენუას სახელიდან, ამერიკაში ის სწრაფად გადაიქცა უბრალოდ, Genes.
თავდაპირველად Levi’s ყავისფერი ნაჭრისგან იკერებოდა, მაგრამ სტრაუსი მიხვდა, რომ ლურჯი ფერის შარვალი უფრო კარგად გაიყიდებოდა; იდეამ გაამართლა. პირველ ჯინსს მხოლოდ ერთი უკანა ჯიბე (წყვილი ჯიბე 1900 წლისთვის მიაკერეს), საათის ჯიბე და საბეჭურის ღილები ჰქონდა. 1886 წლიდან შარვალს გარედან მიაკერეს ტყავის იარლიყი, რომელზეც გამოსახული იყო ორი საპირისპირო მხარეს მიმავალი ცხენი, რომელიც ჯინსის გახევას ლამობდა. დაახლოებით 1890 წლისათვის კი Levi’s-ის ჯინსს ოფიციალური ნომერი 501 მიაკუთვნეს. უკანა მარჯვენა ჯიბეზე პატარა წითელი იარლიყი წარწერით Lევი’ს იმის მანიშნებელია, რომ ტრადიციული 501 ჯინსი ღილებითაა, თუ იარლიყი სტაფილოსფერია, მასინ შარვალს შესაკრავი ელვა აქვს. XIX საუკუნის მიწურულს ჯინსი დოლარი და 46 ცენტი ღირდა. ამ რამოდენიმე წლის წინათ აშშ-ს ერთ მაღაროში 1880-იან წლებში გამოშვებული ჯინსი იპოვეს, რომელიც აუქციონზე 30 ათას დოლარად გაიყიდა.
Levi’s-ის მაგალითით შეგულიანებულმა სხვა ფირმებმაც დაიწყეს ჯინსის კერვა და წარმატებასაც მიაღწიეს. წლების მანძილზე ჯინსი მხოლოდ დასავლეთ შტატების მცხოვრებლების სამოსად ითვლებოდა და ქაუბოებთან და მუშებთან ასოცირდებოდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში კი ვესთერნის ჟანრის პოპულარობასთან ერთად ჯინსი საზოგადოების თვალში თავისუფლებისა და ინდივიდუალობის სიმბოლოდ იქცა. ამ აზრს კინო კერპებიც ამყარებდნენ. სახელგანთქმულ ჯონ უეინს ,,დილიჟანსში” (რეჟ. ჯონ ფორდი, 1939) Levi’s 501 აცვია. ჯინსი უამრავი კინოლეგენდის და სხვა პროფესიის საყვარელ სამოსად იქცა, მათ შორის არიან, რენდოლფ სკოტი, გერი ქუფერი, მარლონ ბრანდო, ჯეიმს დინი, პოლ ნიუმენი, მერილინ მონრო, სთივ ჯობსი, ბარაკ ობამა, შერილ ქროუ, დრიუ ბერიმორი, სთივ მაკქუინი… ამ უკანასკნელმა ერთხელ ფილმის გადაღებისას უამრავი Lევი’ს შარვალი აყიდვინა პროდიუსერებს, რომლებიც ბუზღუნებდნენ, რათ უნდა ამდენი ჯინსიო, მაშინ, როცა ამ ფილმში მისი გმირი საერთოდ არ ატარებდა ამ შარვალს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაკქუინი ჯინსებს უგზავნიდა იმ ძნელად აღსაზრდელ მოზარდთა სახლს, სადაც თვითონ გაატარა რამდენიმე წელიწადი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჯინსი ცოტა რაოდენობით გამოდიოდა, მაგრამ სწორედ მაშინ გააცნეს ევროპას ეს შარვალი ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან თავისუფალ დროს ჯინსს იცმევდნენ.
მომდევნო წლებში ჯინსით დადიოდა ყველა და ყველგან, Lევი’ს-მა ასეთი სლოგანიც კი მოიგონა ,,ის ზედგამოჭრილია ჩვენი სკოლისთვის”, თუმცა, ამ წამოწყებას გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა უფროსი თაობის მხრიდან. ერთმა მშობელმა კომპანიას მისწერა კიდევაც: ,,შეიძლება ის ზედგამოჭრილია თქვენთან დასავლეთში, მაგრამ ჩვენთან (ანუ აღმოსავლეთში) არა!” ბევრ შტატში ეკლესიასა და სკოლებში ჯინსი მიღებული არ იყო და ხშირად ,,იდევნებოდა”. ჯინსი რა მოსატანია და გოგონებს შარვლის ტარების უფლება სკოლებში, დაახლოებით, 60-იანი წლების ბოლოს დართეს. ცნობილია ფაქტი, როცა 1951 წელს კანადის ერთ ფეშენებლურ სასტუმროში ჯინსის კოსტიუმსა და შარვალში გამოწყობილი ცნობილი მომღერალს, ამ სამოსის დიდი მოყვარულს ბინგ ქროსბის, უარს ეუბნებოდნენ სასტუმროში შესახლებაზე. ამაზე ქროსბი გადაირია და იქ დიდი ამბები დატრიალდებოდა, რომ ერთ კლერკს მომღერალი არ ეცნო.
ყველაფერი თავის ადგილას 60-იანმა წლებმა დააყენა. ჯინსმა როკ მუსიკასთან ერთად მყარად და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. ცნობილია 70-ზე მეტი სიმღერა, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა ჯინსი. გაიხსენეთ, თუნდაც, ინგლისური ჯგუფის Animals-is -ის ჰიტი House of the Rising Sun, სადაც ასეთი სიტყვებია: ,,დედაჩემი მკერავი იყო, მან შემიკერა ჩემი ახალი ლურჯი ჯინსი”. Rolling Stones-ის 1971 ალბომის Sticky Fingers გარეკანის ორივე მხარეს გამოსახულია Levi’s-ის ჯინსი, მისი დიზაინი ენდი უორჰოლს ეკუთვნის. ინგლისურმა ჯგუფმა Swinging Blue Jeans სახელი ამ შარვლის საპატივსაცემოდ დაირქვა. მათ ერთხელ კურიოზი შეემთხვათ – ჯგუფის წევრები მუდმივად ლურჯ ჯინსებსა და ქურთუკებს ატარებდნენ და ერთხელ ქუჩაში ისინი პოლიციამ დააპატიმრა, რადგან ადგილობრივი ციხიდან გაქცეული პატიმრები ეგონა. პატიმრების ფორმა კი, მოგეხსენებათ, ლურჯი ჯინსია.
ჯინსი იქცა ვუდსტოკის თაობის უნიფორმად და მაშინ გამოჩნდა მისი უამრავი ნაირსახეობა _ შეღებილი, გახეხილი, აპლიკაციებითა და ნახატებით დამშვენებული. ჯინსის მოხატვის ხელოვნება ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ 1973 წელს Levi’s-მა გამოაცხადა კონსკურსი საუკეთესო მოხატულ ჯინსზე და ყველას სთხოვა საკუთარი ნახელავის ფოტოების გამოგზავნა. მთლიანობაში მოვიდა ორი ათასი ცალი ფოტო. გამარჯვებულ ფოტოებს, რომელთაგან ზოგიერთი Levi’s-მა საკუთარი არქივისთვის შეისყიდა, 18 თვის განმავლობაში აჩვენებდნენ ამერიკის სხვადასხვა მუზეუმებსა და გამოფენებზე.
საბჭოთა კავშირსა და საოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყველაფერი დასავლური, მათ შორის კი როკ-მუსიკა და ჯინსი იქაური საზოგადოების დეკადენტობის მანიშნებელი იყო და ჩვენში ეს ტანსაცმელი, პრაქტიკულად, ერთეულებს ეცვათ. Levi’s არქივებში შემონახულია ამ ქვეყნებიდან მიღებული წერილები, როემელთა ავტორები კომპანიას ჯინსის გამოგზავნას სთხოვდნენ.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა დიზაინრებმა დაიწყეს საკუთარი ჯინსის მოდელების გამოშვება და ქაუბოებისა და მუშების შარვალი მაღალ მოდას აზიარეს, ასეთი წარმატება ლივაი სტრაუსსა და ჯეიკობ დეივისს არც კი დაესიზმრებოდათ…
ირაკლი მახარაძე