ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალი „მაჩაბელა“ (დირექტორი მამუკა ლომაშვილი), 11 წელია, რაც საქართველოში იმართება. წელს ფესტივალზე სერიოზული წარმატება მოიპოვა ოზურგეთის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდიის სპექტაკლმა „ვაიფონის თაობა“, რომლის რეჟისორი და ქორეოგრაფი, ვახო ჩხარტიშვილი და მარიკა ქვეითაია „გურია ნიუსის“ სტუმრები არიან და ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო დეტალებზე საუბრობენ.
ვახო ჩხარტიშვილი: მესამე წელია, რაც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში ბავშვთა თეატრალური სტუდია გავხსენით. უფრო სწორად, ახლახან, სექტემბერში გახდა ორი წელი და გვიხარია, რომ პრესტიჟულ ფესტივალზე გავიმარჯვეთ. ჩვენი სპექტაკლი ყველასგან განსხვავებული იყო _ „ვაიფონის თაობა“, რომელიც უნიჭიერესმა ოზურგეთელმა პედაგოგმა მაია ღლონტმა დაგვიწერა და იმ უდიდეს პრობლემას ეხება, რასაც ახალგაზრდების ერთმანეთისგან გაუცხოება ჰქვია. ხდება, ორი ერთმანეთის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა ერთმანეთს ისე ემესიჯება, რომ არც ახსოვთ თუ ერთმანეთის გვერდით სხედან. ამას კატასტროფისკენ მივყავართ. სწორედ ამ მდგომარეობიდან გამოსაფხიზებლად და თავის დასაღწევად შეიქმნა ეს სპექტაკლი, რომელმაც რაკი გაიმარჯვა, ესე იგი მიზანს მიაღწია და მოგვცა დიდი სტიმული ახალი მიღწევებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ხომ სულ ორი წლის ვართ, _ გვეუბნება გამარჯვებული რეჟისორი.
_ როცა სპექტაკლი დასრულდა, ჟიურის უცვლელი თამჯდომარე, ქალბატონი, ნინო ხომასურიძე პირდაპირ ჩვენთან მოვიდა და ერთადერთი რაც კეთილი შენიშვნის სახით მოგვცა იყო ის , რომ გვითხრა ამ პრობლემის ირგვლივ თითოეული ბავშვი ძალიან კარგად ირგებს როლს, თუმცა ასაკობრივად მაინც პატარები არიან და ამ კუთხით თუ შემოგედავებითო. მაგრამ , იქაც და აქაც ჩვენი პასუხი იყო და არის ერთი _ ბავშვებმა სწორედ ასეთი ასაკიდან უნდა გააცნობიერონ, რომ ისეთები არ გახდნენ, როგორი როლები შეასრულეს. მე მათ სამი დღის განმავლობაში მხოლოდ იმას ვუხსნიდი, რა არის პანკი, რა არის ემო, ვინ არიან ბავშვები, რომლებიც ღამით სასაფლაოზე დადიან. ვეუბნებოდი, რომ სწორედ ასეთებად არ უნდა გაიზარდონ, ეს იყო სპექტაკლის არსი. საოცარი პაწუკები არიან, მათ შეძლეს… როცა გამარჯვებულად გამოგვაცხადეს და თან დიფერენცირებულად: საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო ქორეოგრაფიისა და მუსიკალური გაფორმებისთვის, რა თქმა უნდა, სიხარული აქ დაუფარავია. უნდა გითხრათ ისიც, რომ ეს არ იყო გრან-პრი, ნომინაციებია, მაგრამ ყველა ნომინაციაში როცა საუკეთესოს სტატუსს მიიღებ, ეს სტიმულია მომავალი გამარჯვებისთვის, _ გვეუბნება სპექტაკლის ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია.
ქალბატონი მარიკა პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ის 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო ანსამბლ „ფესვებში“ ცეკვავდა. შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ასეთი მომენტი, _ სახელმწიფო თეატრში მივიდა სპექტაკლის გასაფორმებლად. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ დარჩა.. ამბობს, რომ თურმე სულ სხვა პროფესიის ადამიანად იყო დაბადებული.
ვახო ჩხარტიშვილი პროფესიით ინჟინერია და მანაც მოგვიანებით „იგრძნო“ თეატრის მტვრის სუნი. ისე კი, რომ სულ მალე აღიარების პროცესი დაიწყო.
ვახომ და მარიკამ საბავშვო თეატრალური სტუდია ერთად გახსნეს. აქ მოზარდებს ასწავლიან სასცენო ხელოვნებას და მოძრაობებს, უტარდებათ მეტყველების გაკვეთილები.
ახლა ნორჩების თეატრალურ სტუდიაში , სახელმწიფო თეატრთან ერთად, პროექტ „საშობაო თეატრს“ ამზადებენ.
მაჩაბელას თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულები განსაკუთრებით არიან მოტივირებულნი, საშობაო სპექტაკლი საუკეთესო იქნეს.
_ ძალზე ახალგაზრდაა ჩვენი ნორჩების თეატრი და გამარჯვებით დაწყებული სვლა, უკვე შეჩერების უფლებას არ მოგვცემს, – გვითხრა მარიკა ქვეითაიამ.
„გურია ნიუსი“ გულშემატკივრობს და წარმატებას უსურვებს ბავშვთა საუკეთესო თეატრალურ სტუდიას.