აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ის მზადაა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყო თოქ-შოუს პროდიუსერი და ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც.
ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა.
ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა.
19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
წყარო: ajaratv