საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა მაღალი იქნება.
„იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება მაღალი და როგორც „ქართული ოცნების“, ისე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები დააფიქსირებენ მხარდაჭერას. ის ადამიანებიც მოვლენ, რომელბმაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. ზოგმა იმის გამო, რომ ეგონათ, მათი მონაწილეობის გარეშეც გაიმარჯვებდა კანდიდატი. ზოგს შეიძლება გული აუცრუვდა ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა იმედი მაქვს, ახლა ამომრჩეველი დაინახავს, რომ მის ხმას ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს და აქვს უნარი შეცვალოს ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, პირველი ტურის შედეგები არის ამომრჩევლის გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ არ არის კმაყოფილი მუშაობის ტემპით, გადაწყვეტილებების მიღების ტემპით ან თავად გადაწყვეტილებებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხრიდან ბევრი საქმე არ არის სათანადოდ წარმოჩენილი და გადაფარულია ნეგატიური და ცილისმწამებლური კამპანიით. მეორე ტური იქნება ბევრად აქტიური და ვისურვებდი, კამპანიაც იყოს უფრო პოზიტიური, ნაკლებად აგრესიული. მინდა, ამომრჩეველმა შეაფასოს ის საქმე, რაც გაკეთდა „ქართული ოცნების“ პირობებში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან აგრესიული ფონის გააქტიურებას ელოდება, თუმცა დესტაბილიზაციაზე საუბარი გადამეტებული იქნება.
„მე, პირველ რიგში, იმის საფრთხეს ვხედავ, რომ აგრესიული ფონი, რომელიც ჩვენ ბოლო ორი თვის განმავლობაში ვიხილეთ, აგრესიული გზავნილები, რომელიც სამწუხაროდ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალიან აქტიურად მოდიოდა, ბუნებრივია, ეს პროცესები ქვეყანაში გააქტიურდება. დესტაბილიზაციაზე საუბარი ალბათ გადაჭარბებული შეფასება იქნება, მაგრამ სიმშვიდესთან საქმე რომ არ გვექნება, ფაქტია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
1tv.ge