დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო – აკრძალეს გარევაჭრობა და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი.
ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ, არაერთ მოვაჭრეს და რიგით მოქალაქეს ესაუბრა.
ჩვენთან საუბარში დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას.
ლია გოგუაძე: _ ვმუშაობ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში, რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია. გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი, კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო პროდუქტი. პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია?
თამარ მუხაშავრია, მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები: მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის.
_მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _ გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ.
_ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების გატანას, ამ სანოვაგის გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია, გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ რაღაც უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.
კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას ბაზარი ან სანამდე იქნება დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ვერ გეტყვით, ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.
იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული მუშაობა.