აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის ბოლომდე, უამრავი საგაზაფხულო სამუშაოა შესასრულებელი, რის შესახებაც ჩვენს მეურნეებთან არაერთხელ გვისაუბრია და ახლაც ვაგრძელებთ მათთვის რჩევების მიცემას. თუმცა, კლიმატის ცვლილებებთან და სხვადასხვაგვარი მავნებლების გამოჩენასთან დაკავშირებით, ბევრი რამ შეიცვალა. თავად გარემო და შექმნილი ვითარება მეურნეებისგან ითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ბაღჩა-ბაღებში აუცილებელ შეწამვლით სამუშაოებს.
პირველი და აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებაა სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო შეწამვლა. სოკოვანი დაავადებები საკმაო საშიში ფორმით გავრცელდა ჩვენში და სერიოზული დარტყმა მიაყენა თხილის კულტურას. მის საწინააღმდეგოდ კარგია ორპროცენტიანი ბორდოს ხსნარიც კი.
ზოგადად, გურიაში, იყო დრო, შეწამვლა საერთოდ არ სჭირდებოდა ხეხილოვნებს, თუმცა, ვითარება შეიცვალა და დღეს მეურნე ადამიანსაც უჭირს იმის დაჯერება, რომ აქ უკვე ფერმერი, შესაწამლი აპარატის გარეშე, ფართობში სამუშაოდ აღარ უნდა გადიოდეს.
სიდამპლის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების დასრულებისთანავე, თუ რომელიმე მავნებელი გამოჩნდება, ასევე, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ შეწამვლა. გამოვიყენოთ ხალხური საშუალებებიც _ სხვადასხვა ბუგრებისა და ტკიპების საწინააღმდეგოდ კარგად ჭრის მწარე წიწაკის თუ პომიდვრის ფოთლების ნაყენი, ასევე, ანწლის და ხახვის ფურცლების ნაყენი, რაც საუკეთესოა ყველანაირი ბუგრების და ტკიპების მოსასპობად. ამის შესახებ ჩვენმა მკითხველებმა იციან და მომზადების წესებსაც იცნობენ ჩვენი გაზეთის მეშვეობით.
საგაზაფხულო თესვა, ნერგების გადატანა ღია გრუნტში, გათოხნა _ ეს სამუშაოები ყველაზე აქტიურად ამ პერიოდშია შესასრულებელი.
მაისში ყველაზე სასურველია ხურმის მყნობა შენახული კვირტით. ხაშია ხურმის დასამყნობად და გასაკვირტად ახლა შესაფერი დროა.