“ბევრი ადამიანი დარჩა საკვებისა და სამსახურის გარეშე, ამიტომ სახლს კი ნუ გამოვავსებთ საკვებით, ვეცადოთ სხვას გავუნაწილოთ”, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ქადაგების დროს განაცხადა. მან მრევლს მოუწოდა 28 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, ტაძარში საკურთხი არ მიიტანონ და გაჭირვებულებს დაურიგონ. მათ კი, ვისაც ეკლესიისთვის თანხის შეწირვა სურს, მამა შალვამ საზღვარგარეთ მყოფი ქართველების დახმარების თხოვნით მიმართა.
“მინდა მივმართო ჩვენს მრევლს. ახლა მიცვალებულთა შაბათი მოდის და ძალიან გთხოვთ, შაბათს საკურთხს ნუ მოიტანთ, საჭმლის მოტანა არ გინდათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და შეგიძლიათ ეს საკვები თქვენს მეზობლებს დაურიგოთ. არიან მარტოხელა მოხუცები, ან მრავალშვილიანი ოჯახები და მათ ჩაუტანეთ ეს საკვები. თუ თქვენი მიცვალებულებისთვის სიკეთის გაკეთება გინდათ, ეს გაკეთეთ, ეკლესიაში საჭმლის მოტანა არ არის აუცილებელი.
ვისაც თანხის შემოწირვა გინდათ, მათ ვთხოვ: ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველებს უცხოეთში ძალიან უჭირთ, ბევრი ქართველი დარჩა იქ უმუშევარი და არანაირი საშუალება არ აქვთ მათ, ბევრი ადამიანი გვწერს უცხოეთიდან რომ ძალიან უჭირთ, დარჩნენ ყველაფრის გარეშე და გთხოვთ თუ თანხის შეწირვა გინდათ, გაუგზავნეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს.
დღეს არის ხელის გაწოდების, დახმარების დრო. შენ რომ მაძღარი იყო და შენი მეზობელი შიმშილით მოკვდეს, ეს რამე სარგებლობას მოგიტანს სულისას?” – აღნიშნა მამა შალვამ ქადაგების დროს.
წყარო: fortuna.ge