როგორც ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე იონა მუნარგია ამბობს, ,,/გურიელთა/ საბატონიშვილომ მისცა საქართველოს შესანიშნავი პოეტი და მოღვაწე მამია გურიელი-ფაზელი… მამია მშვენიერი ხელოვანია: წაიკითხეთ მისი ,,ქობულეთური ყანის სიმღერა” და თქვენ წარმოგიდგებათ თქვენს წინაშე ჩინებული ლირიკოსი პოეტი, აკაკის ბადალი, რომელიც ნამდვილი მშვენიერებაა ქართული მწერლობისა; წაიკითხეთ მისი პოეტის ,,ფიცი” და თქვენ იგრძნობთ, რომ ეს მშვენიერი ქმნილება უმაღლესი გრძნობით არის გამსჭვალული და იმავე გრძნობისაგან ნაკარნახევი; წაიკითხეთ მისი ლექსები: ,,ჩემს სურათზედ”, ,,ჩემს რძალს ელეონორას”, ,,ქალები” და თქვენ დარწმუნდებით რომ მამია ნამდვილი პოეტია, როგორც ათასი სხვა, ამ სახელის ღირსი მისი შეცდომა მხოლოდ ის იყო, რომ ამ კარგის შემძლემ, ბევრი უნაყოფო და უფერული ლექსიც დაწერა.”
მამია გურიელი დაიბადა სოფელ ლესაში 1836 წლის 28 იანვარს. გურიელის სასახლე დიდი ზეიმით შეხვდა მემკვიდრის დაბადებას. თოფის სროლა, საჩუქრების გაცემა, სიმღერა და გალობა კვირაობით გაგრძელდა. ანბანის შესწავლა მამიას კარის ეკლესიის მღვდელმა გიგინეიშვილმა დააწყებინა. შემდეგ იყო ქუთაისის გიმნაზია, რომლის დამთავრების შემდეგ მამია თბილისში სამხედრო სამსახურში გადაიყვანეს. მისი სამხედრო სამსახური ლამის ციხით დასრულდა: რუსეთ-თურქეთის ომში მამია დანიშნეს გურიის ქვეითთა დრუჟინის უფროსად, რომელსაც მეთაურობდა ომის გათავებამდე. როცა დრუჟინა დაიშალა გურიელს დააბრალეს უფლებების გადამეტება, ხარჯების უკანონო გაფლანგვა და მრავალი სხვა. სასამართლომ ის გაამართლა და იმპერატორმა კი ეს განაჩენი დაამტკიცა 1881 წლის 5 იანვარს.
დაე, იცვალოს გარემოება,
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები! მოვა დროება,
გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.
ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს
და სიყვარული მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუ კი გსურს გახდე ადამიანად!
(ამონარიდი მამია გურიელის ლექსიდან ,,ადამიანი”)
მამია სამსახურისადმი დიდ ინტერესს არასოდეს იჩენდა, ამიტომაც რაიმე მნიშვნელოვან წარმატების ვერ მიაღწია. პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის სიტყვებით, მამია გურიელი ,,სამსახურში ოხრავდა და ხშირად დადიოდა გურიაში დროს გასატარებლად. დაიარებოდა თბილისშიაც…” (აპოლონ მახარაძე, ქართული რომანტიზმი) თბილისის მაღალ საზოგადოებასთან დაახლოება მამიას არ გასჭირვებია – თავადური შთამომავლობა, გარეგნული სილამაზე, პოეტური ნიჭი, საუცხოო დეკლამაცია ადვილად უხსნიდა მამიას გზას არისტოკრატიული წრეებისაკენ. იგი მალე გახდა ამ საზოგადოების საყვარელი წევრი. ნადიმებსა და სალონებში მამიას გამოჩენას აღტაცებით ხვდებოდნენ. გალაკტიონ ტაბიძე წერდა: ,,ამბობენ, რომ ორთეოსის სულის ძალას შეეძლო აღფრთოვანებული რიტმით მოძრაობაში მოეყვანა ხეები და ქვები… ასეთი იყო თურმე მამია გურიელის მიერ წაკითხული ლექსების რიტმი”. 1868 წელს მან მელიქიშვილის ქალზე იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება უიღბლო და ტრაგიკული აღმოჩნდა. ცოლთან განშორების შემდეგ, პოეტის ერთადერთმა შვილმა კახაბერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რამაც დამღუპველად იმოქმედა გურიელზე.
სიცოცხლის ბოლო წლები მამიამ ქუთაისში სიღარიბეში გაატარა. ,,ის სვამდა ღვინოს, თუმცა ლოთი არ იყო. სვამდა მისთვის, რომ თავდავიწყებას მისცემოდა, რომ გალუცინაციებში შეჭრილიყო: შეიძლება იმიტომაც, რომ ამით მოესპო სიცოცხლე და ფორმალური თვითმკვლელობით გამოწვეულ სკანდალებს აცილებოდა, ვინ, იცის!” (გალაკტიონ ტაბიძე.) ასეა თუ ისე, ოზურგეთში ყოველ დღე იმართებოდა წვეულებანი, სადაც უზომოდ ისმეოდა ღვინო. თურმე ის სასტუმროში შეატანინებდა ტიკებით ღვინოს და თუ სტუმრები ბოლომდე არ დაცლიდნენ, მივარდებოდა და ტიკებს ხანჯლით ჭრიდა. ,,სმაი პირველი საქმეა, – იძახდა გურიელი. ალკოჰოლიზმისაგან და მძიმე სენისაგან დაუძლურებული პოეტი 1891 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქუთაისში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.