„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა.
_ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას?
_ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ შევუერთდებით.
_ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს?
_ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია.
_ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“?
_ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი.
_ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით.
_ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ. შევქმენით მსოფლიო დონის ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები.