წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს, ვინაიდან წინა ორ შემთხვევაში ამ ქვეყნის საუბედუროდ, იყო პირდაპირი მიზანი ადამიანების დასახიჩრების, ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ის გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.
„ამ ბოლო დროს ხანდახან მომწონს კიდევაც „გირჩის“ რაღაც ინიციატივები, ეს შეიძლება ნახევრად ხუმრობით თუ სერიოზულად, თუმცა აქ კატეგორიულად ვერ დავეთანხმებოდი და ამოვარდნა აქვთ სერიოზულად, ეტყობა არასწორ დროს თქვეს ეს ამბავი, რადგან წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს. წინა ორ შემთხვევაში და სხვა შემთხვევებშიც ამ ქვეყნის საუბედუროდ, იყო პირდაპირი მიზანი ადამიანების დასახიჩრების, ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის და ძალიან ცუდი მიზნები იყო. 20 ივნისი იყო მოგერიება, ეს თქვა ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტმაც. დავუშვათ, ჩვენ სუბიექტურები ვართ ამასთან დაკავშირებით და პოლიციელს ახლა მხარს ვუჭერთ, რომ ეს პოლიციელი თუ პოლიციელთა ჯგუფი თუ შსს იგერიებდა ამ ხალხს, მაგრამ აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი არის ობიექტური დამკვირვებელი ამ მოვლენებზეც და იმავეს ამბობს, რომ მაშინ პოლიციამ მოგერიების ლეგიტიმური უფლება გამოიყენა და იქ შეიძლება, ვილაპარაკოთ კონკრეტული ადამინების მხრიდან ჰქონდა თუ არა უფლებამოსილების გადაჭარბებას ადგილი, მაგრამ არა იმაზე, რომ 20 ივნისი ვინმემ გაბედოს და შეადაროს წინა პერიოდში ჩადენილ სისასტიკეს, ეს არის ძალიან სერიოზული და ცუდი ამოვარდნა ამოვარდნა „გირჩის“ მესიჯბოქსიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
21 მაისს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. კანონპროექტს ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში“.