დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის წინ მდებარე გაზონები უმოწყალოდ გაჩეხეს. ულამაზესი კავკასიური ჭანჭყატის ბუჩქების მეხუთედი ნაწილიღა თუ არის დარჩენილი, მწვანე მასა კი ასფალტზე ყრია. როგორც აქ მომუშავე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები აღნიშნავენ, მათ დავალება ზემოდან მისცეს და ახდენენ გაზონების გაკრეჭას, იმ მიზნით, რომ ავარიული მდგომარეობა არ შეიქმნას.
_ დღემდე აქ ავარიები ხდებოდა ამ გაზონების გამო? ასე დაბლა რატომ ჩეხავთ?
_ რომ არ მოხდეს, იმიტომ დაგვავალეს აჭრა. მერე წამოიზრდება, _ გვეუბნებიან ისინი და საკუთარ ვინაობას არცერთი არ ამხელს, ჩვენ რას გვერჩით, რასაც გვავალებენ , ვაკეთებთო. ერთ-ერთმა „ჯიმი უფროსს“ დაურეკა, რომელმაც ტელეფონი სასწრაფოდ გაგვითიშა.
„გური ნიუსი“ ეცადა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს დაკავშირებოდა, თუმცა არ გვიპასუხა.
ამასობაში მუშებმა გაზონების აჭრა მიატოვეს და იქაურობას გაერიდნენ.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დირექტორს , თენგიზ ქუტიძეს.
_ბატონო თენგიზ, როგორც მუშები ამბობენ, გაზონებს კრეჭენ, თუმცა ეს გაჩეხვაა. რატომ დაავალეთ ამ ფორმით მოჭრა, ხომ შეიძლება ცოტა დაადაბლოთ? სიმაღლეში მცენარის თითქმის მეხუთედი ნაწილია დატოვებული.
_კი, მე დავავალე. მერიის დავალებით მოხდა ეს. გასაგებია, რომ ულამაზოდ ჩანს, გეთანხმებით, თუმცა არსებობდა ავარიის საშიშროება. მალე წამოიზრდება, ისე რომ ათი სანტიმეტრით ამაღლდეს და მერე როცა დაიბუჩქება, დარჩება იმ დონეზე. არავინ აპირებს გაჩეხვას. აი, მესერის შუა ზოლი რომ არის, იმ ზომაზე დარჩება. ცოტა ცანს იქნება ულამაზოდ და როცა შეივსება, მოხდება ფორმირებადა შევსებული ბუჩქი უკვე ლამაზი იქნება, _ გვითხრა მან.
ქალაქ ოზურგეთის ქუჩების გაზონებითა და სხვა მწვანე ნარგაობებით კეთილმოწყობა ყოფილი მერის ბეგლარ სიორიძის ინიციატივით მოხდა. ახლა ქუჩაში მოსიარულე ადამიანები ამბობენ იმასაც, რომ ე.წ. „ გაზონების კრეჭა“ ყოფილ მერზე შურისძიებაა და არა ავარიული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოწყობილი აქცია.