დიდია მოლოდინი, რომ საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ. ქართველი ქალი ფეხბურთელები ახალ ისტორიას წერენ. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული ნაკრების დაცვასთან და კლუბ “ლანჩხუთის” წევრთან, მარიამ კალანდაძესთან.
მარიამი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდანაა. იგი ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობს.
“დავიბადე ჩოხატაურში, მეექვსე კლასამდე ვსწავლობდი გუთურის საჯარო სკოლაში, შემდეგ სწავლა ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში გავაგრძელე. ახლა, რადგან “ლანჩხუთში” ვთამაშობ, ყველაზე დიდ დროს ლანჩხუთში ვატარებ”, _ ასე გაგვეცნო მარიამ კალანდაძე.
_ მარიამ, პირველ რიგში, მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებ შენ და საქართველოს ნაკრებს.
_ უდიდესი მადლობა. მაქსიმალურად ვეცდებით, მოლოდინები გავამართლოთ.
_ როდის მიხვდი ან როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფეხბურთი?
_ ჩოხატაურში, ჩემს სოფელში (გუთურში), ძირითადად, ბიჭები იყვნენ და შესაბამისად, თამაშიც მათთან ერთად მიწევდა. თავისუფალ დროს ფეხბურთს ვთამაშობდით, რაც ძალიან მსიამოვნებდა და მიყვარდა. სკოლის პარალელურად ცეკვაზე დავდიოდი, რომლის დარბაზიც სტადიონთან იყო. ცეკვის ერთ-ერთ რეპეტიციაზე თეიმურაზ ჩხიკვიშვილი და სანდრო შონია მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ იცოდნენ ჩემი ფეხბურთის მიმართ სიყვარულის შესახებ. სტადიონზე გავყევი და ვნახე, რომ სტუმარი ბიჭების გუნდში ორი გოგო თამაშობდა. მათი მწვრთნელი ნიკო ბარამიძეც გავიცანი და მთხოვა, ბურთით რამე გამეკეთებინა, რაც ვიცოდი ყველაფერი ვეცადე. ბურთი მაჩუქეს და იმ დღეს ძალიან გახარებული ვიყავი. ამ ამბიდან ერთ კვირაში ნაკრებიდან დაგვირეკეს, გოგონათა 17-წლამდე ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს (როგორც გაირკვა, ნიკო ბარამიძეს ჰქონდა კონტაქტი ნაკრების მწვრთნელებთან). იმ პერიოდში ძალიან იშვიათი იყო გოგო და ფეხბურთი, ამიტომ ყველას შანსი ეძლეოდა ნაკრებში. მეც გამიმართლა. ეს შანსი დავიმსახურე, ამ ყველაფერში ამ სამი ადამიანის უდიდესი დამსახურებაა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ყოველი წარმატების შემდეგ უფრო მადლიერი ვარ. ვიცი, რომ ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან._ რამდეად გიჭერდნენ მხარს ოჯახის წევრები, მეგობრები, როცა გაიგეს ფეხბურთელობა გსურდა?
_ მეგობრებს და მამას ყოველთვის მოსწონდათ ჩემი და ბურთის უერთიერთობა. დედა თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ ძალიან მოკლე დროში ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ის გახდა.
_ გაიხსენე ლანჩხუთის გუნდში ყოფნის დრო…
_ თითქმის ათი წელია ქალთა კლუბ “ლანჩხუთის” წევრი ვარ, სწორედ ამ გუნდში გადავდგი ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯები და მოგვიანებით, ამ კლუბთან ერთად პირველ ისტორიულ შედეგსაც მივაღწიეთ. 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახეთ და ძირითად ბადეში მოვხვდით. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ გუნდში ყოფნით, როგორც ფეხბურთის მხრივ, ასევე, ფეხბურთის გარდა.
_ სანამდე მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, იქნებ გვითხრა, რა აზრის ხარ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ თემაზე, რომ ფეხბურთი ქალების სპორტი არ არის…
_ ქალებს ყოველთვის გვიწევს სტერეოტიპების დამსხვრევა. თავიდანვე მომიწია ამ სტერეოტიპთან შერკინება და ვფიქრობ, თავს კარგად ვართმევ მეც და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა ქალი ფეხბურთელებიც. როცა თამაში დავიწყე, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდა, რომ ქალის საქმე ნაკლებად არის ფეხბურთი, იმედია, დროთა განმავლობაში ამ აზრების შეცვლას უფრო მეტად მოვახერხებთ.
_ რა პერსპექტივის და გამოწვევების წინაშეა ქალთა ფეხბურთი საქართველოში?
_ ქალთა ფეხბურთი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ყოველ წელს უფრო და უფრო ვითარდება, იზრდება როგორც შიდა ჩემპიონატის დონე, ასევე სანაკრებო, რაც შედეგებზეც ისახება. რაც უფრო კარგი შედეგი ფიქსირდება _ მით უფრო მეტია მოლოდინი როგორც საკუთარი თავისგან,ასევე გულშემატკივრებისგან.
_ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. წელს განსაკუთრებული წელია ქართული სპორტისთვის. რა გრძნობაა, როდესაც ამ ყველაფრის ერთ-ერთი გმირი ხარ? რამდენად წარმოგედგინა ეს ყველაფერი?
_ არის შემთხვევები, როცა “სპორტულ იღბალს” გადაუწყვეტია რომელიმე გუნდის წარმატება, მაგრამ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემთხვევაში, ნამდვილად ვიმსახურებდით ამ შედეგს. ძალიან დიდი გზა გაიარა ქალთა ფეხბურთმა საქართველოში. წინა თაობებმა და წინა მწვრთნელებმა დიდი შრომა ჩადეს ყველაფერში. წარმოუდგენელიდან მოიყვანეს აქამდე. საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასასვლელად კი ნაკრების თითოეულმა წევრმა ერთდროულად და ერთნაირად დავისახეთ მიზანი, ერთნაირი შემართებით ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო და მადლობა ყველას ამისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ამ ყველაფერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წვლილიც.
_ ირლანდიის ნაკრებზე რას გვეტყვი? თქვენი ახალი მეტოქე ის არის…
_ კენჭისყრამდე სავარაუდო მეტოქეები ვიცოდით და რა თქმა უნდა, სურვილი გვქონდა, ნაკლებად სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა, ვიდრე ირლანდია. ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებია, მათთან თამაშის ცუდი გამოცდილება გვაქვს, თუმცა, იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლანდელი შემართებით ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.
_ რას ეტყოდი გულშემატკივრებს?
_ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთს ქომაგები არცერთ ეტაპზე არ აკლდა, სხვა სიყვარულით უყვართ ჩვენთან სპორტის ეს სახეობა, მაგრამ ქალების თამაშებზე გულშემატკივრების რაოდენობა საგრძნობლად დაბალი იყო წინა წლებში, რაც იცვლება და მიხარია, რომ დღეს ტრიბუნებიდანაც ვგრძნობთ ქომაგების მხრიდან ძალიან დიდ ძალას!
ფეხბურთი გულშემატკივრისთვის შექმნილი სპორტია და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ვეცდებით, რომ მათი მოლოდინები უფრო მეტად გავამართლოთ.
ავტორი