Maxar Technologies-ის ახალი სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია. აზოვსტალის ქარხანა უკანასკნელი ობიექტია მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. ამის შესახებ CNN წერს.
დაბომბვის შედეგად სახურავებზე დიდი ხვრელებია. ზოგიერთი სახურავი მთლიანად ჩამონგრეულია, ზოგიერთი შენობა კი ნანგრევებად იქცა.
ასევე მთლიანად განადგურდა ქარხნის მიმდებარედ მრავალი საცხოვრებელი და სამთავრობო შენობა.
ბოლო მონაცემებით, აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ.
აზოვის პოლკის მეთაურმა, სვიატოსლავ პალამარმა, ქარხანაში CNN-ს განუცხადა, რომ ქარხანა ინტენსიურად ობომბებოდა არტილერიით, გემებით და საჰაერო დარტყმებით.
„არის სარდაფები და ბუნკერები, რომლებთანაც ვერ მივაღწევთ, რადგან ისინი ნანგრევების ქვეშ არიან. ჩვენ არ ვიცით ცოცხლები არიან თუ არა იქ ხალხი. არიან ბავშვები ოთხი თვიდან 16 წლამდე. მაგრამ არიან ადამიანები ჩარჩენილი ისეთ ადგილებში, სადაც ვერ მოხვდები.” – ამბობს პალამარი.
აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. შეხვედრის შემდეგ გაერომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც პუტინი “პრინციპში” დათანხმდა ქარხნიდან მოქალაქეთა ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართვას, თუმცა ამგვარი შეთანხმება კრემლმა უარყო.
28 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გუტერეშმა თქვა, რომ მას “ინტენსიური დისკუსიები” ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, სჯერა, რომ შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე “წარმატებულ შედეგს” მიაღწიონ.
ავტორი