“5 თვეში, მთელ ქვეყანაში, მხოლოდ 12 მძღოლი აღმოჩნდა, ვინც ბოლომდე ამოწურა წლის ლიმიტი” , _ ეს განცხადება “ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის” ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა გააკეთა. ლალიაშვილის თქმით, მძღოლებს, რომელთაც 100 ქულა ამოეწურათ, მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამისათვის მათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ. ხოლო გადაბარების შემდეგ ქულების კვლავ განულების შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქციებია.
“ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია. 5 თვეში, მთელ ქვეყანაში, მხოლოდ 12 მძღოლი აღმოჩნდა, ვინც ბოლომდე ამოწურა წლის ლიმიტი. ჩვენ უფრო მეტს ველოდით, ვინაიდან გზებზე მოძრაობის მხრივ კვლავ მძიმე პრობლემებია, მძღოლები გამოირჩევიან აგრესიით და წესების დარღვევით. ხშირია ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და ნასვამ მდგომარეობაში მართვის ფაქტები“, _ განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და “უკონტაქტო პატრულირება“ 1 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება, არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას.