პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა. პოლიტოლოგის თქმით, ირაკლი კობახიძის მბრძანებლური ტონი დეპუტატებში გაღიზიანებას იწვევს. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, გასაკვირი არ იქნება თუ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი უახლოეს მომავალში დადგება.
,,როდესაც ადამიანი ინიშნება მაღალ თანამდებობაზე ისე, რომ არც გამოცდილება აქვს, არც კომპეტენცია, არც პროფესიონალიზმი და არც გარკვეული მორალურ-ზნეობრივი თვისებები, თავად გრძნობს უხერხულობას და ასეთი ადამიანისთვის თანამდებობა მძიმე ტვირთია. ბუნებრივია, კობახიძეს უჭირს ამ სიტუაციაში ყოფნა და კომპენსირებას ცდილობს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე. კობახიძის განცხადებები სერიოზული პროტესტის გრძნობას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებსაც რაღაც შეუქმნიათ და გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, გამაღიზაინებლია, როდესაც ვიღაც მუდმივად ცდილობს, იბატონოს შენზე, რისი საფუძველიც მას არ აქვს. ეს ყველაფერი გროვდებოდა და ახლა იხეთქა, განსაკუთრებით ამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ. კობახიძე ერთი დიდი გაუგებრობაა. საერთოდ, ამ თვისებების მქონე ადამიანი როგორ გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, გასაკვირია, თუმცა, ,,ქართულ ოცნებაში“ ასეთი ტიპის დანიშვნები ბევრჯერ გვინახავს, დღეს ზოგიერთი ყოველგვარი დამსახურებისა და პროფესიონალიზმის გარეშე, აბსოლუტურად შეუსაბამო თანამდებობას იკავებს. პარადოქსია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხარდამჭერი პარლამენტში 10 კაცი თუ იქნება, დანარჩენი უმრავლესობა მის წინააღმდეგ არის განწყობილი“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.